29 ნოემბერი 2024,   20:46
ვრცლად
სახელმწიფო ბიუროკრატიის დიდი ნაწილი შერჩეულია პოლიტიკური ნიშნით და არა პროფესიონალიზმით - ირაკლი აბესაძე

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის 2020 წლის კვლევას დამოუკიდებელი დეპუტატები და ოპოზიციონერები აცხადებენ. მათი შეფასებით, კვლევაში ახალი არაფერია და პარლამენტის და სასამართლოს საქმიანობა დამოუკიდებელი არ არის.

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" წევრი ირაკლი აბესაძე აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბიუროკრატიის დიდი ნაწილი პოლიტიკური ნიშნით არის შერჩეული.

"ის, რომ სახელმწიფო ბიუროკრატიის დიდი ნაწილი შერჩეულია პოლიტიკური ნიშნით და არა პროფესიონალიზმით, ამაზე დიდი ხანია ვსაუბრობ. სამწუხაროდ ეს პრობლემა "ქართული ოცნების" პირობებში უფრო მკვეთრად გაღვივდა. ყველა ემორჩილება ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს,"- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილის სალომე სამადაშვილის განცხადებით, კონსტიტუციური და კანონიერი სისტემა მოშლილია.

"ივანიშვილმა გასული წლების მანძილზე მიზნობრივად და სისტემატიურად მიიტაცა ხელისუფლება, შესაბამისად ყველა შტოში ამიტომ მოშლილია ყველა კონსტიტუციური და კანონიერი სისტემა,"- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი ეკა ბესელიას განცხადებით კი, ინსტიტუტებს პოლიტიკურ გუნდთან შეუთანხმებლად გადაწყვეტილების მიღება უჭირთ.

შეგახსენებთ, ხელისუფლების მზარდი ზეწოლა მედიასა და ბიზნესზე, თავდასხმები სახალხო დამცველზე და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, მმართველი პარტიის ფაქტობრივად სრული კონტროლი საჯარო ინსტიტუტების დიდ ნაწილზე და არაფორმალური გავლენა მთავრობის საქმიანობაზე - ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომელიც "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის 2020 წლის შეფასებაში ასახა.

კვლევის ფარგლებში შეფასებული 12 ინსტიტუტიდან მხოლოდ სამს აქვს მაღალი ან მაღალთან მიახლოებული საბოლოო ქულა, ესენია - სახალხო დამცველი, სახელმწიფო აუდიტის სამსახური და საარჩევნო ადმინისტრაცია.

დღის ამბები