29 ნოემბერი 2024,   20:42
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილი არის პარტიის ლიდერი, რომელ არაფორმალურ მმართველობაზეა საუბარი - დიმიტრი ხუნდაძე

ხელისუფლება არ იზიარებს არასამთავრობო ორგანიზაციების იმ კრიტიკას და შენიშვნებს, სადაც საუბარია მთავრობის ზეწოლაზე მედიასთან და ბიზნესთან მიმართებაში.

"ქართული ოცნებისთვის" ასევე გაუგებარია, რის საფუძველზე საუბრობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" არაფორმალურ მმართველობაზე და ამ კონტექსტში ბიძინა ივანიშვილს ახსენებს, რომელიც როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, მმართველო პარტიის დამფუძნებელია.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი არის პარტიის ლიდერი.

"ბიძინა ივანიშვილი არის პარტიის ლიდერი, რომელ არაფორმალურ მმართველობაზეა საუბარი. გამჭვირვალედ შეხედეთ ნებისმიერ კვლევას და აღმოაჩენთ, რომ ასე არ არის,"- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე კი აღნიშნავს, რომ ნებისმიერ ადამიანს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელს აქვს უფლება საკუთარი აზრი ღიად დააფიქსიროს.

"ნებისმიერ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელს აქვს საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება. პარლამენტი ასრულებს თუ არა თავის ფუნქციას, ამაზე ყველაზე სწორ დასკვნებს მაინც აკეთებს ის ხალხი, რომელიც არის მიუკერძოებელი ანუ ქართველი ხალხი,"- განაცხადა სოფიო კილაძემ.

შეგახსენებთ, ხელისუფლების მზარდი ზეწოლა მედიასა და ბიზნესზე, თავდასხმები სახალხო დამცველზე და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, მმართველი პარტიის ფაქტობრივად სრული კონტროლი საჯარო ინსტიტუტების დიდ ნაწილზე და არაფორმალური გავლენა მთავრობის საქმიანობაზე - ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომელიც "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის 2020 წლის შეფასებაში ასახა.

კვლევის ფარგლებში შეფასებული 12 ინსტიტუტიდან მხოლოდ სამს აქვს მაღალი ან მაღალთან მიახლოებული საბოლოო ქულა, ესენია - სახალხო დამცველი, სახელმწიფო აუდიტის სამსახური და საარჩევნო ადმინისტრაცია.

დღის ამბები