29 ნოემბერი 2024,   20:52
ვრცლად
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანის მამა პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე საუბრობს

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების ბუნდოვანი დეტალები- ამ დრომდე გასაიდუმლოებულია იმ პირის ვინაობა, რომელიც გიორგი შაქარაშვილს აედევნა.

მოზარდის ახლობლების ინფორმაციით, მცხეთის პოლიციაში გამოკითხვის დროს სასურველი ჩვენების მისაღებად, სამართალდამცველებმა უფლებამოსილებას გადაამეტეს.

ერთ-ერთი დაკავებულის მამა "კურიერთან" საუბრის დროს აცხადებს, რომ მის არასრულწლოვან შვილს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.

მამის განცხადებით, სამართალდამცავები ითხოვდნენ, ჩვენების მიღებას, თითქოს დაკავებულმა დაინახა, როგორ მირბოდა გიორგი შაქარაშვილი მდინარის მიმართულებით. არასრულწლოვანს კი, გიორგი შაქარაშვილი, რეალურად, არც ერთი ეპიზოდის დროს რა უნახავს.

"ჩემმა შვილმა თქვა, რომ არ მინახავსო. ამაზე წამოარტყეს პოლიციელებმა, რას ქვიაო არ დაგინახავსო. იმ დონეზე ვიყავი აღშფოთებული, დაღუპულ ბავშვზე, რომ ვფიქრობდი, ჩემი შვილი თუ დასასჯელია პირველი ეს დაისაჯოსთქო,"- განაცხადა დაკავებულის მამამ.

დაკავებულების ნაწილი, მცხეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან განთავსებულები და ბრალის ოფიციალურ წარდგენას იქ ელოდებიან.

დაკავებული მორაგბეების უფლებადამცველი აცხადებს, რომ წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმებიან.

"იმედგაცრუებულები ვართ საგამოძიებო ორგანოების ამდაგვარი, უკანონო ქმედებით. რომელიც არ გვაძლევს საქმის მასალების გაცნობის საშუალებას არ გვაძლევენ, მიუხედავად იმისა, რომ ამის პირდაპირი ვალდებულება აქვთ,"- განაცხადა ვასილ მამულაშვილმა.

უფლებადამცველები ფიქრობენ, რომ თუ სახელმწიფო ბრალდება მათ ოფიციალურ მტკიცებულებებს და მასალებს თავის დროზე არ გადასცემს, შესაძლოა საქმეზე სიმართლე თავის დროზე არც კი გაირკვეს.

შეგახსენებთ, რომ დღეს 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს. "კურიერმა" დაკავებულების ნაწილის ვინაობა გაარკვია. ესენი არიან: ძიუდოისტი გიგა ტატიაშვილი, მორაგბეები ნიკა ჟვანია, არჩილ გაგნიძე და ვასილ მახარაძე; ასევე, თენგო ბარბაქაძე და საბა ჩხარტიშვილი; დაკავებულებს შორის არიან ირაკლი მუმლაძე და ვახო ჩიქოვანი.

საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 225-ე, 143-ე და 126-ე მუხლებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არ არის გამორიცხული შემდგომში ბრალი დამძიმდეს ან ბრალდებულთა რაოდენობა გაიზარდოს. 

ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მცხეთაში, ერთ-ერთ აგარაკზე, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, საიდანაც მისი კვალი გაუჩინარდა. მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. 

 

დღის ამბები