29 ნოემბერი 2024,   20:26
ვრცლად
სამართალდამცავმა სისტემამ უმოკლეს ვადაში უნდა მოახერხოს ამ საქმის გამოძიება - პრემიერი ჟურნალისტის შესაძლო ლიკვიდაციაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის სხდომაზე ვასამბეგ ბოკოვთან დაკავშირებით ირაკლი სესიაშვილის კითხვას უპასუხა. პრემიერის თქმით, სამართალდამცავმა სისტემამ მძიმე დანაშაული აღკვეთა და ასევე სრულად უნდა უზრუნველყოს ქართველი ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას უსაფრთხოება. გიორგი გახარიას თქმითვე, ეს არის ჩვენი ქვეყნის როგორც დემოკრატიზაციის და უსაფრთხოების ხარისხის მაჩვენებელი.

პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ სამართალდამცავმა სისტემამ საქმის გამოძიება უმოკლეს ვადაში უნდა მოახერხოს, რათა საარჩევნო პერიოდში არავის მიეცეს ამ თემით სპეკულაციის საშუალება.

"რამდენიმეჯერ გავეცი ამ კითხვაზე პასუხს და მოკლედ ვიტყვი. დღეს ჩარჩო არის შემდეგი, რისი საუბარიც შეგვიძლია და გვესმის, რომ გამოძიება მიმდინარეობს: პირველი, რომ სამართალდამცავმა სისტემამ მძიმე დანაშაული აღკვეთა - ეს ერთი. მეორე, რა თქმა უნდა, სამართალდამცავმა სისტემამ სრულად უნდა უზრუნველყოს ქართველი ჟურნალისტის უსაფრთხოება, სრულად, ყველანაირი კითხვის ნიშნის გარეშე. ეს არის ჩვენი ქვეყნის როგორც დემოკრატიზაციის, ასევე ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ხარისხის მაჩვენებელი. აქ არანაირი კითხვის ნიშნები არ უნდა გაჩნდეს.  და მესამე, ყველაზე მნიშვნელოვანი, სამართალდამცავმა სისტემამ უმოკლეს ვადაში უნდა მოახერხოს ამ საქმის გამოძიება, რომ მოქალაქეს მიაწოდოს სრული ღია ტრანსფარენტული ინფორმაცია იმისთვის, რომ არავის, ქვეყნის მტრებს, არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში არ მივცეთ იმის საშუალება, რომ ამ საკითხის სპეკულირება მოახდინონ და რაღაც სიტუაციები დაძაბონ, ან რაღაც სისულელეებზე ილაპარაკონ," - აცხადებს გიორგი გახარია.

შეგახსენებთ, 12 ივნისს თბილისში განხორციელებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული რუსეთის მოქალაქე ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

პარალელურად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ ვასამბეგ ბოკოვის დაკავება შეკვეთით მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში განხორციელდა.

დღის ამბები