29 ნოემბერი 2024,   20:35
ვრცლად
"მე ძალიან მიყვარს ადამიანები, უფრო მეტიც, თქვენც კი მიყვარხართ" - თეა წულუკიანი ირმა ნადირაშვილს

პარლამენტში პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემისას სხდომათა დარბაზში მყოფმა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ირმა ნადირაშვილს მიმართა და განაცხადა, რომ მისი პოლიტიკური ლიდერი გიორგი რურუაა. იუსტიციის მინისტრის მიმართვისას თავად ირმა ნადირაშვილი დარბაზში არ იმყოფებოდა. თეა წულუკიანის რეპლიკაზე კი სხდომათა დარბაზი "ევროპული საქართველოს" წევრმა გიგა ბოკერიამ დატოვა.

"ქალბატონი ირმა სად არის. დავიწყოთ იქიდან, რომ ქალბატონო ირმა, სადაც ბრძანდებით, მე ძალიან მიყვარს ადამიანები, უფრო მეტიც, თქვენც კი მიყვარხართ და აქედან გამომდინარე, მინდა შეგახსენოთ რამდენიმე ფუძემდებლური პრინციპი, რომელიც ქართულ კანონმდებლობაში არის გაწერილი, მათ შორის, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებთან დაკავშირებით. არც ვიცი, რამდენად აქვს აზრი თქვენთან კანონებზე საუბარს, რომლის პოლიტიკურ ლიდერად არის უკვე ცნობილი ბატონი რურუა, რომელსაც დღეს მორიდებით ახსენებთ და აღარ არის ეს ადამიანი ციხეში თუ რატომ ახსენებთ? ეს ხართ თქვენ, თქვენი ლიდერი არის რურუა და დღეს საუბრობთ რაღაც გაუგებარ თემებზე," - განაცხადა თეა წულუკიანმა. 

თეა წულუკიანმა თინა ბოკუჩავას კითხვასაც უპასუხა - თუ ვინ გაათავისუფლა ნოტარიუსი ბაჩანა შენგელია თანამდებობიდან. როგორც თავად შენგელია აღნიშნავს, მას, როგორც ნოტარიუსს, ხელოვნურად უქმნიან ისეთ პრობლემებს, რომლითაც საქმიანობას ვეღარ გააგრძელებს. თინა ბოკუჩავას შეკითხვაც სწორედ ამ ფაქტს ეხებოდა.

"მე მინდა ყველას შევახსენო, არსებობს საქართველოს კანონი ნოტარიატის შესახებ, სადაც წერია, რომ ნოტარიუსები ახორციელებენ სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებებს. არა რაიმე უფლებამოსილებას, არამედ სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებებს, ეს არის კანონის ჩანაწერი. როდესაც აქ წარვდგები თქვენ წინაშე მინისტრის საათის ფორმატში და ეს არჩევნებამდე იქნება, მაშინ ნებისმიერ კონკრეტულ ქეისზე ვისაუბროთ. მაგრამ ერთს გეტყვით, რომ სახელმწიფოებრივი უფლებამოსილებების განხორციელებისას იქვე წერია კანონმდებლობაში, აკრძალულია რაიმე ტიპის ნოტარიუსის ჩარევა პოლიტიკურ საქმიანობაში.

ამიტომ დაანებოთ იქნებ ნოტარიუსებს თავი, მათ შორის ამ ადამიანს. კოვიდის და პანდემიის პირობებში მოქმედებს ყველა ნოტარიუსისადმი დროებითი წესები და ნებისმიერ ნოტარიუსს, თუ ინსპექტირებისას აღმოჩნდა, რომ დაარღვია წესი, ბიუროს საქმიანობის უფლება დროებით შეუჩერდება და ნუ აპოლიტიზირებთ ამ თემას," - მიმართა თეა წულუკიანმა თინა ბოკუჩავას. 

 

დღის ამბები