29 ნოემბერი 2024,   20:32
ვრცლად
"ახალგორის მოსახლეობას აიძულებენ აიღონ ე.წ. სამხრეთ ოსეთის პასპორტი" - დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი

ოკუპირებულ ახალგორში ე.წ. პასპორტიზაციის პროცესი განახლდა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობას იმ ადამიანებს ანიჭებენ, ვინც გამშვები პუნქტის პერმანენტული ჩაკეტვის გამო ვერ ახერხებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას.

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" განცხადებით, საარსებო წყაროს მოსაპოვებლად მათ უწევთ საქართველოს მოქალაქეობის დათმობა, რადგან საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ მათ პენსია ენიშნებათ.

არასამთავრობო ორგანიზაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, არსებულ პროგრამებთან ერთად, საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები პენსიონერებისთვის განსხვავებული ფინანსური დახმარების პროგრამა შეიმუშაოს.

"ადგილობრივ მოსახლეობას აიძულებენ აიღონ ე.წ. სამხრეთ ოსეთის პასპორტი. შესაბამისად, იყვნენ დამოკიდებული მთლიანად ადგილობრივ პენსიაზე, ამიტომ აუცილებელია, საქართველოს ხელისუფლებამ ახალგორში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს გაუწიოს კონკრეტული დახმარება. ადამიანები არიან არჩევანის წინაშე დატოვონ საქართველოს მოქალაქეობა და მიიღონ ე.წ. სამხრეთ ოსეთის პასპორტი, თუ შეინარჩუნონ საქართველოს მოქალაქეობა,"-განაცხადა "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" დირექტორმა უჩა ნანუაშვილმა.

დღის ამბები