29 ნოემბერი 2024,   21:34
ვრცლად
კარლ ჰარცელი კახეთში - ელჩი ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტებს გაეცნო

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი დღეს კახეთის რეგიონში ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტებს გაეცნო. ვიზიტის ფარგლებში ელჩმა იყალთოს საბავშვო ბაღი და ის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა, რომელიც პროექტს ენერგოეფექტურად აქცევს. პროექტის ფარგლებში შეძენილი ტექნიკა კი შენობების გათბობას სოფლის მეურნეობის ნარჩენების გადამუშავებით უზრუნველყოფს.

კარლ ჰარცელი ამიერკავკასიაში პირველ ენერგოეფექტურ ღვინის საწარმოშიც იმყოფებოდა. "მეღვინეობა შილდა" ევროკავშირისა და იბიარდის მხარდაჭერით "მდგრადი ენერგიის ჯილდოს" გამარჯვებული 2019 წელს გახდა. ევროკავშირის პროექტის ფარგლებში შეძენილმა აღჭურვილობამ "მეღვინეობა შილდაში" მოხმარებული ენერგია 60 %-ით შეამცირა, ხელი შეუწყო ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებას და უძველესი ღვინის ტრადიციის ქვეყანას უმაღლესი ხარისხის ნიშის დაკავების შესაძლებლობა მისცა.

დღესვე კარლ ჰარცელი სმენისა და მეტყველების სახლშიც იმყოფებოდა, სადაც ის ბენეფიციარებს შეხვდა. დაწესებულება ევროკავშირის პროექტის ფარგლებში შეიქმნა, რომელიც სმენისა და მეტყველების პრობლემების მქონე ბავშვებსა და მოზარდებს ემსახურება. ინიციატივის ავტორი ანალოგიური პრობლემის მქონე ბავშვის დედაა.

ევროკავშირის ელჩმა დღესვე კახეთში საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან შეხვედრაც გამართა. კარლ ჰარცელი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს თელავში სამოქალაქო საზოგადოების ჰაბში შეხვდა, რომელიც ასევე ევროკავშირის მხარდაჭერით შეიქმნა.

ევროპელი დიპლომატი კახეთის რეგიონში კიდევ ორი დღე აპირებს დარჩენას. ხვალ ევროკავშირის ელჩი ეკონომიკურ და სოფლის მეურნეობის სფეროებში მხარდაჭერილ პროექტებს გაეცნობა, დღის ბოლოს კი ლაგოდეხის ეროვნულ პარკს დაათვალიერებს. ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოში 160-ზე მეტი პროექტი ხორციელდება, ყოველწლიურად გაწეული დახმარების მოცულობა კი 350 მილიონ ლარს აღემატება.

დღის ამბები