29 ნოემბერი 2024,   21:40
ვრცლად
დაპირისპირების თუ უბედური შემთხვევის მსხვერპლი - ახალი დეტალები 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეში

19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი დღეს ვარკეთილის სასაფლაოზე დაკრძალეს. დაბადების დღის საბედისწერო წვეულებიდან 7 დღე გავიდა. გამოძიებას ამ დრომდე არ აქვს პასუხი კითხვაზე, რა მოხდა 18 ივნისის ღამეს ჯერ ნარეკვავში ნაქირავებ აგარაკზე, შემდეგ კი თბილისისკენ მომავალ გზაზე. ექსპერტიზის მოლოდინშია ოჯახი, რომელიც დასკვნას დაჩქარებული წესით ორი კვირის ვადაში დადებს. დამოუკიდებელი ექსპერტის განცხადებით, შაქარაშვილს თავში ბლაგვი საგნისთვის დამახასიათებელი დაზიანებები აღენიშნება.

დღეს დილიდან მცხეთაში საგამოძიებო მოქმედებები იმ წერტილში განახლდა, სადაც გიორგი შაქარაშვილის კვალი გაქრა და სადაც ნივთმტკიცებულების სახით მისი ხელჩანთაა ამოღებული. დღესვე დადასტურდა "კურიერისთვის" ექსკლუზიურად ცნობილი ინფორმაცია საქმეში ძიუდოში ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონის, გიგა ტატიაშვილის ფიგურირების შესახებ. ტატიაშვილის მონაწილეობის შესახებ "კურიერი" ჯერ კიდევ გუშინ საუბრობდა. ძიუდოს ფედერაციაში ადასტურებენ, რომ სპორტსმენი კლასელის დაბადების დღეზე საკუთარი ავტომობილით იმყოფებოდა. რომელ ეპიზოდში მონაწილებდა ძიუდოისტი, უცნობია. დაუდასტურებელი ინფორმაციით, სწორედ მან დაურეკა ნაძალადეველ მეზობლებს და დახმარება სთხოვა, რის შემდეგაც თბილისში შავი ფერის ტოიოტას მარკის ავტომობილით დაბრუნდა. გამოძიება ნივთმტკიცების სახით მისი მობილური ტელეფონიც ამოიღო.

შავი ფერის ტოიოტასა და ვერცხლისფერი მერსედესის მგზავრების ადვოკატები უარყოფენ, რომ გიგა ტატიაშვილის უფლებებს იცავენ. მორაგბეების ადვოკატი ირიბად ადასტურებს, რომ საქმეში ძიუდოისტიც ფიგურირებს, თუმცა ამტკიცებს, რომ ის მათ ავტომობილში არ იმყოფებოდა. "მერსედესის" მარკის ავტომობილის სამი მგზავრის საცხოვრებელი სახლები გუშინ ღამის სამ საათზე გაჩხრიკეს.

დღეს გამოკითხვაზე განმეორებით დაიბარეს გურამ ამირხანაშვილი, რომელიც პოლიციაში სათადარიგო კარით შევიდა. ამირხანაშვილის გარდა საქმეს კიდევ ერთი ოქროს მოწმე ჰყავს. იაკობ ბრეგვაძე - იმავე წვეულების ფოტოგრაფი. ის, გიორგი შაქარაშვილისა და სხვა პირების მსგავსად, ცენტრალურ მაგიტრალზე მომხდარი დაპირიპირების დროს დამალვას შეეცადა. მან ცენტრალური ხიდის გავლით თავი მშენებარე შენობას შეაფარა. შენობიდან კარგად ჩანს ხიდი, სადაც დიდი დაპირისპირება მოხდა. ასევე, ადგილი, საიდანაც გიორგი შაქარაშვილის კვალი ქრება. მაგრამ, სავარაუდოდ, ბრეგვაძემ ვერაფერი ნახა, რადგან პერიმეტრზე განათება დამონტაჟებული არ არის. უკვე ამოღებულია ის ვიდეოჩანაწერი, სადაც ფიზიკური დაპირიპირების ადგილი კარგად ჩანს.

"კურიერს" სანდო წყარო უყვება, რომ საბურთალოელები ნაძალადეველ ახალგაზრდებს ეზოში დაუპირისპირდნენ. გიორგი შაქარაშვილი, გურამ ამირხანაშვილი, ფოტოგრაფი და კიდევ 3 პირი ამ დროს შენობაში იმყოფებოდნენ და ინციდენტში მონაწილეობას არ იღებდნენ. შემდეგ კი აგარაკის ტერიტორია დატოვეს. ნაქირავებ აგარაკზე საგამოძიებო მოქმედება რამდენჯერმე ჩატარდა. მეპატრონე ამბობს, რომ ტერიტორია 8 პირზე გააქირავა, მაგრამ მათი წასვლის შემდეგ წვეულებაზე დაუპატიჟებელი სტუმრები მივიდნენ.

დღეს დილიდან მცხეთაში გამოკითხვები განახლდა. გამოძიების კითხვებს პასუხობენ ახალგაზრდები, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად არიან დაკავშირებული  საბედისწერო ღამესთან. ახალგაზრდების რიგი არ წყდება სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროსთან. ახალგაზრდები მედიასთან დეტალებს არ ასაჯაროებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე დამნაშავე პირები არ გამოუვლენია.

დღის ამბები