29 ნოემბერი 2024,   21:37
ვრცლად
გახმაურებული საქმეები და უმრავლესობის კითხვები ე.წ. ფეიკნიუსებზე - ომბუდსმენის ანგარიშს პარლამენტში კამათი მოჰყვა

სიცოცხლის ხელყოფა, პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობა, წამება და 20-21 ივნისის მოვლენების გამოძიება - ყველა საქმე სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიშში იყრის თავს. დოკუმენტის პირველი თავი ეთმობა გახმაურებულ საქმეებს: თემირლან მაჩალიკაშვილის, ხორავას ქუჩისა და ია კერზაიასი. ნინო ლომჯარიას თქმით, ყველა ამ შემთხვევაზე გამოძიება ობიექტურ შედეგებს ან ვერ დებს, ან მისი გაჭიანურების ფონზე სიმართლის დადგენა შეუძლებელია.

სახალხო დამცველის ანგარიშის დიდი ნაწილი 20-21 ივნისის მოვლენებს ეთმობა. სწორედ 20-21 ივნისის მოვლენებზე დასვეს კითხვები ოპოზიციის და მმართველი პარტიის წევრებმა. "ქართული ოცნების" წევრებმა ნინო ლომჯარიას სთხოვეს, შეეფასებინა იყო თუ არა აქცია მშვიდობიანი. ოპოზიციამ კი იკითხა, რატომ აქვთ პოლიციელებს დაზარალებულის სტატუსი მაშინ, როცა ამაზე აქციის მონაწილეებს ამ დრომდე უარს ეუბნებიან.

ყალბი ინფორმაციების გავრცელებასა და რეაგირებაზე დაუსვეს სახალხო დამცველს ყველაზე მეტი შეკითხვა მმართველი პარტიის წევრებმა. ე.წ. ფეიკნიუსზე "ქართული ოცნების" წევრების განცხადებებმა დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია და უმრავლესობის წევრებს უთხრეს, რომ ხშირად თავადვე ტირაჟირებენ ე.წ ფეიკნიუსს. სახალხო დამცველის თქმით კი ომბუდსმენის აპარატიც გამხდარა ყალბი ინფორმაციების და თავდასხმების სამიზნე და ამისგან თავის დასაცავად მსხვერპლმა სამართლებრივ გზებს უნდა მიმართოს.

იმის გამო, რომ სახალხო დამცველის ანგარიში მხოლოდ გასული წლის პერიოდს ფარავს, დოკუმენტში არ მოხვდა გიორგი რურუას საქმე. სწორედ ამიტომ, ნინო ლომჯარიას დღესვე რამდენჯერმე ჰკითხეს ამ საქმის დეტალები. სახალხო დამცველის თქმით, იმ მასალებიდან გამომდინარე, რასაც ის უკვე გაეცნო, დარჩა შთაბეჭდილება, რომ საქმეში ობიექტური მტკიცებულებები არ დევს.

სახალხო დამცველის ანგარიში პარლამენტს რამდენიმე თვის წინ უნდა განეხილა, თუმცა პანდემიის გამო ეს ვადა დაირღვა და გასული წლის ანგარიშზე დღეს ჯერ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე, მოგვიანებით კი პლენარულ სხდომაზე იმსჯელეს.

დღის ამბები