29 ნოემბერი 2024,   21:49
ვრცლად
5 ახალი პარტია - რა გადათამაშებები მოხდება 2020 წლის პოლიტიკურ მარათონში პოლიტიკურ გუნდებს შორის

მიმდინარე წლის ივნისში საჯარო რეესტრს რეგისტრაციისთვის 5-მა პოლიტიკურმა პარტიამ მიმართა. მათ შორისაა ალეკო ელისაშვილის “მოქალაქეები" და "ქართული ოცნების" ყოფილი წევრების მიერ დაფუძნებული პოლიტიკური გაერთიანება.

საჯარო რეესტრში 2020 წლის ივნისში 5 განცხადებაა რეგისტრირებული ახალი პოლიტიკური პარტიის დაფუძნებასთან დაკავშირებით, თუმცა საბოლოოდ ცვლილებები ჯერ არც ერთი მათგანის შემთხვევაში არაა ასახული.

“არჩევანი სამშობლოსთვის" ლელა გულედანმა პოლიტიკაში მოსვლით გააკეთა. მისი პოლიტიკური ორგანიზაცია ერთ-ერთია იმ ხუთი ახალი პარტიიდან, რომელიც პოლიტიკურ ველზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. ლელა გულედანი ამბობს, რომ ახალი პოლიტიკური მოძრაობა იმ ადამიანებს აერთიანებს, ვისთვისაც სამშობლოს იდეა ფასეულია. 

პოლიტიკაში ყოფნის გამოცდილება ჯერ არ აქვს, თუმცა სჯერა, რომ მოსახლობის მხარდაჭერას მოიპოვებს და მათ ხმას საკანონმდებლო ორგანოშიც გაახმოვანებს თორნიკე ჯანაშვილი. მან საზოგადოებრივ მოძრაობა “რეფორმერის” პოლიტიკურ პარტიად დარეგისტრირება 15 ივნისს გადაწყვიტა.

ბიზნესმენი, რომელმაც სამოქალაქო მოძრაობა გასულ წელს დააფუძნა და სოციალურ ქსელებშიც ახალგაზრდების მიმართულებით აქტიური კამპანიით გამოირჩეოდა, გიორგი გაგნიძეა, ის ქართულ პოლიტიკაში ახალი სახეა, რომელიც მოსახლეობის ხმებისთვის ბრძოლას 2020 წლის არჩევნებზე პარტია “შეცვალე საქართველოს” სახელით გეგმავს. 

ისინი კი, ვინც პოლიტიკაში უკვე მოვიდნენ, ძველი გამოცდილებით, მაგრამ ახალი პლატფორმიდან იწყებენ ბრძოლას. უპირისპირდებიან მათ, ვისთან ერთადაც 2012 წელს დაიწყეს და მათაც, ვისაც სულ ებრძოდნენ. "ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი" – ასე ერქმევა ახალ პარტიას, რომელიც პარლამენტში არსებული "დამოუკიდებელი დეპუტატების" ფრაქციის ბაზაზე იქმნება და რომელშიც მარიამ ჯაში, ბექა ნაცვლიშვილი, გედევან ფოფხაძე, ზვიად კვაჭანტირაძე, ჯაბა ჯიშკარიანი და ლევან გოგიჩაიშვილი იქნებიან. პარტიის წევრები ამბობენ, რომ კონსულტაციები აქვთ, მაგრამ "ლელოსთან" თანამშრომლობას არ გეგმავენ და პოლიტიკურ მარათონშიც ბედს დამოუკიდებლად ცდიან. 

პოლიტიკიდან სამოქალაქო მოძრაობაში და პირიქით, ალეკო ელისაშვილი ხალხთან და ხალხისთვის ყოფნას პოლიტიკური გაერთიანება - "მოქალაქების" სახელით შეეცდება. პარტიას "სამოქალაქო მოძრაობის" ბირთვთან ერთად ქმნის და ამბობს, რომ მემარცხენე, მემარჯვენე, თუ ცენტრისტული პოზიციებიდან იდეოლოგიაც და მიზანიც საქართველოს წინსვლაა. 

ალეკო ელისაშვილის პარტიის წევრები არ იქნებიან ანა დოლიძე და ლევან კობერიძე, რომლებთან ერთადაც მან პოლიტიკური პლატფორმის დაფუძნების შესახებ რამდენიმე დღის წინ განაცხადა.

ლევან კობერიძე ამ დროისთვის კონსულტაციებს გადის, თუმცა მომავალში არ გამორიცხავს, რომ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატებმა პარტია "ლელოსთან" ბლოკი შექმნან.

დღეისათვის საქართველოში 250-ზე მეტი პარტიაა რეგისტრირებული, თუმცა უცნობია ვინ რა კონფიგურაციით მიიღებს 2020 წლის პოლიტიკურ მარათონში მონაწილეობას. იმ შემთხვევაში, თუკი საკონსტიტუციო ცვლილებები დამტკიცდება და საარჩევნო სისტემა შეიცვლება - პარლამენტში შესვლის მსურველებს ამ სავარძლების დასაკავებლად მინიმალური, ანუ მხოლოდ ერთპროცენტიანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ.

დღის ამბები