29 ნოემბერი 2024,   21:46
ვრცლად
პრემიერი ხვალ წლიურ ანგარიშს წარადგენს - პარლამენტში მესამე ვიზიტით მისულ გიორგი გახარიას ხვალ დეპუტატები კვლავ მწვავე კითხვებით დახვდებიან

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, რომელიც საკმაოდ ხანმოკლე პერიოდში პარლამენტში უკვე მესამედ მიდის, კრიტიკული შეკითხვების მოსმენა კვლავ მოუწევს.

პრემიერის წლიური ანგარიში ოპოზიციისთვის საკმარისი მიზეზია ბოიკოტის დროებით შესაწყვეტად და მთავრობის მეთაურისადმი კითხვების დასასმელად.

პოლიტიკურ ხედვებში განსხვავების მიუხედავად, ირმა ინაშვილსა და სალომე სამადაშვილს მთავრობის არაეფექტურ საქმიანობასთან დაკავშირებით მოსაზრებები იდენტური აქვთ.


"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი მიიჩნევს, რომ პრემიერის ხელმძღვანელობით სამთავრობო გუნდი ქვეყანაში არსებულ კრიზისულ მდგომარეობას ვერ უმკლავდება.

კონკრეტული ეკონომიკური ხედვის წარმოდგენას მოითხოვენ მთავრობის ხელმძღვანელისგან ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრები.

დეპუტატ კობა ნარჩემაშვილს აინტერესებს, რამდენად არის მზად მთავრობა სამომავლოდ ეკონომიკური რისკების შესაჩერებლად და როგორ გადაიტანს ქვეყანა დარტყმას ეპიდემიის მეორე ტალღის შემთხვევაში.

პრემიერის წლიური ანგარიში ვერ ჩაივლის პოლიტიკური თემების გარეშეც. მომავალი საპარლამენტო არჩევნები, დარღვევები ადამიანის უფლებების მიმართულებით და ბიუროკრატიული კორუფცია - ეს იმ თემების მცირე ჩამონათვალია, რომლებზე ყურადღების გამახვილებასაც "ევროპული საქართველოს" წევრები აპირებენ.

მმართველი პარტიის წევრები დარწმუნებული არიან, რომ ოპოზიციის მცდელობის მიუხედავად, პრემიერ-მინისტრი საზოგადოებას მთავრობის ეფექტური საქმიანობის შესახებ ინფორმაციას ამომწურავად მიაწვდის. "ქართული ოცნების" წევრების აზრით, სამთავრობო გუნდი, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს ეფექტურად უმკლავდება.

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია წლიურ ანგარიშს ხვალ საპარლამენტო სესიის ფორმატში წარადგენს.

დღის ამბები