29 ნოემბერი 2024,   21:37
ვრცლად
16 წლის გოგონას გაუპატიურების საქმე - ორჯერ მიცემული მამხილებელი ჩვენების შემდეგ, მოზარდმა დაკითხვაზე მოულოდნელად უარი თქვა

16 წლის გოგონა სენაკში ძალადობის მსხვერპლი გახდა. არასრულწლოვანი მისივე ნაცნობმა დანაშაულის ადგილზე მოტყუებით მიიყვანა და გააუპატიურა.

ძალადობაში დადანაშაულებულმა 20 წლის ახალგაზრდამ უარის მიღების შემდეგ მოზარდთან სექსუალური ურთიერთობის დამყარება ძალის გამოყენებით სცადა.

მოძალადემ დანაშაულის ადგილი წინასწარ შეარჩია. ამისთვის სენაკში ერთ-ერთი მიტოვებული სახლი აარჩია, სადაც არანაირი კომუნიკაცია არ არსებობდა. გამოძიების ვერსიით, წინასწარვე იყო შერჩეული ისეთი დღე, როდესაც ძალადობის შესახებ ვერავინ და ვერაფერს გაიგებდა. ამას ადასტურებენ მეზობლებიც, რომლებიც "კურიერთან" საუბრის დროს აღნიშნავენ, რომ მძიმე ამბის დეტალები მაშინ გაიგეს, როდესაც დიდი ხნის მიტოვებულ სახლში პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა.

დანაშაულის ჩადენის დროს არასრულწლოვანი თავის დაღწევას უშედეგოდ ცდილობდა. მომხდარის შემდეგ კი სახლში გაიქცა და ყველაფერი ოჯახის წევრებს მოუყვა, რომლებმაც საქმის კურსში ჩააყენეს პოლიციაც. სამართალდამცველებმა 16 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით 20 წლის ახალგაზრდა მალევე დააკავეს.

ძალადობაში დადანაშაულებულის ოჯახი მომხდარს კატეგორიულად უარყოფს. ამტკიცებენ, რომ ამბავი გამოიგონა გამოძიებამ, რომელსაც თავისივე ინტერესი ჰქონდა. რეალურად კი საქმე მხოლოდ გაუგებრობაშია.

გაუპატიურების საქმის გარდა ახლა პროკურატურაშია საქმე, რომლის მიხედვითაც უნდა გამოიძიონ, აქვს თუ არა ადგილი ზეწოლას დაზარალებულ არასრულწლოვანზე. საქმის პროკურორი განმარტავს, რომ ორჯერ მიცემული მამხილებელი ჩვენების შემდეგ მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვაზე 16 წლის მოზარდმა მოულოდნელად უარი თქვა.

დანაშაულში მხილებული მამაკაცის ადვოკატს სურს, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დაკავებულს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა, გაასაჩივროს.

დღის ამბები