29 ნოემბერი 2024,   21:27
ვრცლად
ტელეკომპანია "იბერიას" ყოფილი თანამშრომლები დეპუტატ ნატო ჩხეიძისგან საჯარო ბოდიშს მოითხოვენ

ტელეკომპანია "იბერიას" ყოფილი თანამშრომლები დეპუტატ ნატო ჩხეიძის განცხადებას ეხმაურებიან და მას მიზანმიმართულად სიცრუის გავრცელებად და მედიის წარმომადგენლების ღირსების შელახვად აფასებენ:

"ტელეკომპანია "იბერიას" ყოფილ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს გვსურს გამოვეხმაუროთ დეპუტატ ნატო ჩხეიძის ცრუ და შეურაცხმყოფელ განცხადებას, რომელიც ემსახურება მიზანმიმართულად სიცრუის გავრცელებას, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილების უგულებელყოფას და მედიის წარმომადგენლების ღირსების შელახვას.

ჩვენთვის განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია მისი მხრიდან არაერთგზის გაკეთებული განცხადება და მედიის წარმომადგენლების დაკავშირება კონკრეტულ უწყებებთან , ასევე აღნიშნული უწყებების ინტერესების გატარებასთან. მოვითხოვთ დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ საჯაროდ მოიხადოს ბოდიში, წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებული ვიქნებით პატივისა და ღირსების შელახვის ბრალდებით მივმართოთ სასამართლოს.

გვსურს განვმარტოთ, რომ ტელეკომპანია "იბერიას" დახურვის შემდეგ კომპანიამ თანამშრომლების სახელფასო დავალიანების მხოლოდ ნაწილი აანაზღაურა, გარდა ამისა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა კომპანიას დააკისრა ყოფილი თანამშრომლებისთვის კანონით გათვალისწინებული სახელფასო  დავალიანებისა და კომპენსაციის გადახდა. კანონმდებელი ნატო ჩხეიძის ქმრის კომპანია არ ემორჩილება მართლმსაჯულებას და უარს ამბობს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე. ორი ინსტანციის მიერ კანონიერად გამოტანილ გადაწყვეტილებას უსაფუძვლოდ ასაჩივრებს და ხელს უშლის გადაწყვეტილების დროულად აღსრულებას,"- ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები