29 ნოემბერი 2024,   21:30
ვრცლად
"რაღაცას, რომ ამბობთ შუბლზე ხელი მოისვით" - ომბუდსმენისთვის დასმული კითხვები ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის კამათის მიზეზი გახდა​

სახალხო დამცველის პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე უსმენენ. ნინო ლომჯარია 2019 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ დარღვევებსა და სხვადასხვა უწყებებში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. წლიური ანგარიში სესიამდე ომბუდსმენმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს წარუდგინა.

უმრავლესობისა და ოპოზიციის მხრიდან დასმული კითხვები ოპონენტებს შორის შეპასუხების მიზეზი გახდა. უმრავლესობა სახალხო დამცველს მოუწოდებდა, რომ ისინიც დაეცვა დეზინფორმაციისგან, სწორედ ეს განცხადება გახდა ოპოზიციის მხრიდან ირონიული განცხადებების მიზეზიც.

"რატომ არ იცავთ ამ ხალხის უფლებებს, მმართველ გუნდს ვგულისხმობ, ვერ ხედავთ, რა დღეში არიან, სულ მუდმივად ამათ ლანძღავენ, აკრიტიკებენ და არ არსებობს კანონი, რომ აუკრძალონ ხალხს. ბიძინა ივანიშვილს რატომ არ იცავთ? ასეთი ღირსეული ჯგუფი არსებობს "ქართული მარში" ჰქვია, იყო შემთხვევა, როდესაც ერთმა ახალგაზრდამ გააკრიტიკა ისინი და საჯაროდ დაემუქრნენ ჯგუფური გაუპატიურებით. არცერთი ადამიანი ამ უმრავლესობიდან არ გამიჯვნია მათ და არ დაუგმია," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

უმრავლესობის წევრი მერაბ ქვარაია 20 ივნისის აქციის დეტალებით და ამასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის შეფასებით დაინტერესდა.

უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ომბუდსმენს ფეიკნიუსებთან დაკავშირებით შეფასების გაკეთება მოსთხოვა, რომელიც მისი თქმით, კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან კავშირში მყოფი მედიებიდან ვრცელდება.

სახალხო დამცველის აპარატზე განხორციელებულ დეზინფორმაციულ შეტევაზე გააკეთა აქცენტი თამარ ჩუგოშვილმა და ხაზი გაუსვა იმას, რომ ამაში სამთავრობო მედიაც მონაწილეობდა. ჩუგოშვილი დაინტერესდა, რას უკავშირებს ამ შეტევას ნინო ლომჯარია და რამდენად აისახება ეს ომბუდსმენის თანამშრომლებზე.

დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ დავით მათიკაშვილს ფეიქნიუსებისგან თავის დაცვისთვის იმედზე გადართვა ურჩია

"იმედზე გადართეთ, იქ მოძებნეთ გია აბაშიძე, ერთ-ერთი საოცარი მეზღაპრე, წინასწარმეტყველი, რომელიც ამ ყალბ ამბებს ისეთი საოცარი რომანტიულობით გვიყვებოდა, ვაკის პარკში რომ დასეირნობდა და იქ რაღაცებს უყვებოდნენ და მეორე ხმაში სოფო კილაძე რომ გამოვიდოდა მეორე დღეს და ამას იმეორებდა. რაღაცას რომ ამბობთ შუბლზე ხელი მოისვით, შუბლის ძარღვი გაქვთ თუ არა საერთოდ," - მიმართა ეკა ბესელიამ უმრავლესობას.

სახალხო დამცველის ანგარიშში აქცენტი რამდენიმე მიმართულებით არის გაკეთებული. საკითხებს შორის გამოკვეთილია 20-21 ივნისის მოვლენები და ამ მიმართულებით, კითხვები არსებობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. როგორც ნინო ლომჯარია ამბობს, ანგარიშში მოხვდა ხორავას ქუჩის საქმე, ია კერზაიას საქმე, ასევე თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე.  ნინო ლომჯარიას განმარტებით, არის საქმეები, რომელთა გამოძიება არაეფექტურად მიმდინარეობს. მათ შორის, სახალხო დამცველმა დაასახელა 20 ივნისი, სადაც, მისი შეფასებით, გამოძიებამ მოწმეები კრიტიკულად არ დაკითხა, პარალელურად კი პოლიტიკური განცხადებები კეთდებოდა მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან.

ავტორი: სალომე უერთაშვილი

დღის ამბები