29 ნოემბერი 2024,   20:28
ვრცლად
ტრანსპორტში მხოლოდ პირბადე არ არის თავდაცვის გარანტია, სულ მცირე ერთმეტრიანი დისტანცია უნდა დაიცვათ - ჯანმოს წარმომადგენელი

საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელმაც ადრეულ ეტაპზე მიიღო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ზომები და კოვიდტესტების მომარაგება იმაზე ადრე დაიწყო, ვიდრე ქვეყანაში ვირუსი დაფიქსირდებოდა - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ოფისის დირექტორმა ჰანს კლუგემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "კურიერის" კითხვებსაც უპასუხა და ახალი რეკომენდაციებიც გასცა.

კითხვაზე, როგორ მოახერხა საქართველომ პანდემიის მარტივად გადატანა და როდის უნდა ველოდოთ მეორე ტალღას, კლუგემ განაცხადა, რომ ქვეყანამ ძალიან მალე დაიწყო მოქმედება და იმ ზომების გატარება, რაც საჭირო იყო ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

"საქართველომ ძალიან მალე დაიწყო პანდემიის წინააღმდეგ მოქმედება და  იმ საჭირო ზომების გატარება, რაც საჭირო იყო კოვიდის გავრცელების თავიდან ასარიდებლად. ახლა რთული პერიოდია მოსალოდნელი შემოდგომაზე, რომლისთვისაც ყველა უნდა მოემზადოს. "კოვიდ-19-ზე" ტესტირება ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, სანამ ქვეყანაში ინფექცია ფართოდ გავრცელდებოდა. მარტიდან ასევე დაიწყო სოციალური დისტანციის დაცვა. უნდა ვთქვათ, რომ ვირუსის აღმოჩენა, დროული იზოლაცია, სწრაფი ტესტირება და პაციენტებზე ზრუნვა, ეს მნიშვნელოვანი ელემენტები საქართველომ ზედმიწევნით შეასრულა,"- განაცხადა ჰანს კლუგემ.

კიდევ ერთი კითხვა, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან უპასუხეს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს ეხებოდა.  როგორ უნდა დაიცვას რიგითმა მოქალაქემ წესები, როცა ავტობუსში უამრავი ხალხია და სოციალური დისტანციის შენარჩუნება ფიზიკურად ვერ ხერხდება. კითხვას საგანგებო ოფიცერმა კატრინ სმალვუდმა უპასუხა და თქვა, რომ ტრანსპორტთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის რეკომენდაციები თანხვედრაშია მათ გზავნილებთან.

"სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვა წესი აქვს საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისთვის. ჯანმო-ს რეკომენდაციაა პირბადეების გამოყენებაა. როგორც ვიცი, საქართველოს მთავრობაც მოუწოდებს საზოგადოებას სამედიცინო ნიღბების ტარებისკენ, შესაბამისად, ჩვენს რეკომენდაციას მიჰყვებიან. თუმცა, მხოლოდ პირბადე არ არის თავდაცვის გარანტია. სულ მცირე, ერთმეტრიანი დისტანცია უნდა დაიცვათ სხვა ადამიანისგან, ხშირად დაიბანოთ ხელები და კარგად გაიაზროთ, რატომ იყენებთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს,"-განაცხადა ჯანმოს საგანგებო ოფიცერმა კატერინ სმოლვუდმა.

დღის ამბები