29 ნოემბერი 2024,   21:39
ვრცლად
მერაბ ტურავა მექრთამეობის დამცველი და აპოლოგეტი იყო - ოთარ კახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ თავმჯდომარეზე

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ მერაბ ტურავას არჩევას უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები. ოპოზიცია აცხადებს, რომ ქვეყანაში სასამართლო "ქართული ოცნების" დანამატად და პოლიტიკური დევნის ბერკეტად იქცა.

"სასამართლო სისტემა ემსახურება ქართული ოცნების პოლიტიკურ ინტერესებს და ბიძინა ივანიშვილის ფინანსურ და პოლიტიკურ ინტერესებს. უზენაესი სასამართლო, იუსტიციის საბჭო, საკონსტიტუციო სასამართლო, ქვედა ინსტანციის სასამართლო კლანი ღებულობს იმ გადაწყვეტილებას რაც უნდა ქართულ ოცნებას და ემსახურება მათი ძალაუფლების განმტკიცებას. ეს სისტემა არის თავიდან ბოლომდე დასანგრევი სასამართლო სისტემა არის ნულიდან ასაშენებელი," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე,

მერაბ ტურავას სასამართლო სისტემაში მექრთამეობის სახეს უწოდებს ევროპული საქართველოს წევრი ოთარ კახიძე:

"მერაბ ტურავა არის ის მოსამართლე, რომელიც კორუფციის მამხილებელი ჟურნალისტების დასჯას ითხოვდა, 60 წუთის ჟურნალისტების, რომლებიც იძიებდნენ იმ სისტემურ პრობლემას რასაც მექრთამეობა ერქვა და ამის დამცველი და აპოლოგეტი იყო, ამის სახე იყო მერაბ ტურავა და მისი დანიშვნა ამას განასახიერებს, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

კრიტიკას არ ეთანხმება უმრავლესობა, ქართული ოცნების წევრი დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა გადაწყვეტილება პასუხობს იმ სტანდარტს რომელიც განსაზღვრულია კონსტიტუციით და ვერცერთ გადაწყვეტილებას ვერ მოიტანს ოპოზიცია რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს კვალიფიკაციას ეჭვქვეშ დააყენებს. მისი თქმით, ოპოზიციის მიზანი სასამართლო სისტემის დისკრედიტაციაა:

"მათი მიზანი არის მთლიანად ამ სისტემის დისკრედიტაცია, რასაც ვერ მიაღწევენ,"- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დღის ამბები