29 ნოემბერი 2024,   21:48
ვრცლად
19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმე - "მერსედესში" მსხდომი პირების საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის, გარდაცვალების საქმის ოქროს მოწმე გურამ ამირხანაშვილი ამ წუთებში მცხეთის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება. სავარაუდოდ, მისი განმეორებითი დაკითხვა უკავშირდება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქმეში ბლაგვი საგანი - რკინის ხელკეტი ფიგურირებს. 

როგორც "კურიერისთვის" გახდა ცნობილი, გასულ ღამით ჩხრეკა ჩატარდა "მერსედესის" მარკის ავტომობილის მგზავრების სამ საცხოვრებელ სახლში. ადვოკატი მუხრან ღურწკაია აცხადებს, რომ ჩხრეკა არასამუშაო საათებში ჩატარდა, რაც კანონდარღვევაა, რადგან ის გარდაუვალი აუცილებლობით არ იყო გამოწვეული. 

"გუშინ გაჩხრიკეს ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების სახლი. ჩხრეკის შედეგად წაიღეს ლეპტოპები. ღამის 3-ის ნახევარზე დაიწყეს ჩხრეკა, ეს არის უკანონობა, ვინაიდან ღამის საათებში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება არის დაუშვებელი, თუ არ არის გადაუდებელი აუცილებლობა. ამ შემთხვევაში, არ იყო გადაუდებელი აუცილებლობა, ვინაიდან ეს ადამიანები 4-5 დღის უკან დაიკითხნენ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გარკვეული სახის პირდაპირი ან ირიბი ზეწოლა ხორციელდება მათზე, რომ კიდევ რაიმე სახის ინფორმაცია მიაწოდონ გამოძიებას,"- აცხადებს ადვოკატი. 

კომენტარი გააკეთა "ტოიოტას" მარკის ავტომობილის მგზავრების, მორაგბეების ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემაც. მან ხაზი გაუსვა, რომ ძიუდოისტი, ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონი გიგა ტატიაშვილი, რომელიც საქმეში ფიგურირებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფების მანქანაში არ იმყოფებოდა. 

"მოგეხსენებათ, რომ გაჟღერდა ვერსია ე.წ. ფოტოგრაფისა, რომელიც საუბრობს, რომ როდესაც კონფლიქტი შედგა, ბლაგვი საგანი გამოიყენეს. ჩვენი მანქანა როცა მიდის, ბლაგვი საგანი არ არის გამოყენებული ჩვენი მანქანიდან, შესაბამისად, ამ ლოგიკით არ იმყოფებოდა აწ გარდაცვლილი. ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფები იყვნენ ბოლო ეპიზოდში, სადაც უკვე კონფლიქტი არ არის, რადგან ჩვენი მანქანა რომ ჩერდება, 3 პირი გარბის, ერთი რჩება. ტატიშვილი არ არის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და მინდა დავადასტურო, რომ ჩვენს მანქანაში იგი არ იმყოფებოდა," - განაცხადა ადვოკატმა.

საგამოძიებო უწყებაში საქმის კიდევ ერთი მოწმე - თენგო ბარბაქაძეც იმყოფება. "კურიერი" მოწმის მამას გაესაუბრა. 

დღეს მცხეთაში საგამოძიებო მოქმედებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს. სამართალდამცავები კიდევ ერთხელ იმყოფებოდნენ იმ ტერიტორიაზე, სადაც გიორგი შაქარაშვილი ბოლოს ნახეს. ასევე ნახეს შენობა, სადაც იმალებოდა ფოტოგრაფი.

დღის ამბები