29 ნოემბერი 2024,   20:32
ვრცლად
სოფელ გუგუტიანთკარში თანასოფლელებს შორის ურთიერთშელაპარაკება დაჭრით დასრულდა

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიანთკარში თანასოფლელებს შორის ურთიერთშელაპარაკება დაჭრით დასრულდა.

პოლიციამ 1987 წელს დაბადებული ო.გ. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში დააკავა. მას ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ედება. დანაშაულები 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა და 1990 წელს დაბადებულმა თ.ი.-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ერთმანეთს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რა დროსაც ო.გ.-მ თან ნაქონი, გამოძიებისთვის ჯერჯერობით დაუდგენელი იარაღიდან ორჯერ ჰაერში გაისროლა, შემდეგ კი თ.ი.-ს ბასრი საგნით მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი გადაყვანილია საავადმყოფოში.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით და 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დღის ამბები