29 ნოემბერი 2024,   21:36
ვრცლად
როდიდან გაეზრდებათ სოციალურ აგენტებს ანაზღაურება - მხარეებს შორის შეხვედრა ხვალ გაიმართება

სოციალურმა აგენტებმა საკუთარ პრობლემებზე ღიად საუბარი გადაწყვიტეს. კიდევ ერთხელ წამოაყენეს საჭიროებები და მოთხოვნები, შეუსრულებლობის შემთხვევაში კი გაფიცვა დააანონსეს.

სოციალურ აგენტების ფიქსირებული ანაზღაურება 80 ლარია და დამატებით ბენეფიციარებთან თითო ინტერვიუზე 4 ლარს და 80 თეთრს იღებენ. საუკეთესო შემთხვევაშიც კი სოციალური აგენტების ანაზღაურება 700 ლარს არ სცდება.

შრომითი დავის მედიატორის ჩართულობით მოგვარებას 21-დღიანი ვადის ფარგლებში ცდილობდნენ, თუმცა ვადა ამოიწურა, რის შემდეგაც სოც.აგენტებმა მედიაციის გაგრძელება კიდევ 8 დღის განმავლობაში ითხოვეს. მათ, გარდა სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა, შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებთან შეხვედრა მოითხოვეს.

სოციალურ აგენტებს, მოთხოვნების წამოყენებიდან მალევე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ უპასუხა. პირველ რიგში, შეხვედრისთვის მზადყოფნა გამოთქვა და გასცა დაპირებაც, რომ ყოველთვიური ფიქსირებული 80 ლარი გაორმაგდებოდა, ასევე, შეიცვლებოდა ერთთვიანი ხელშეკრულებები 6 თვიდან 1 წლამდე ვადიანი კონტრაქტებით, მაგრამ ეს ყველაფერი შესრულდება მას შემდეგ, რაც უწყებაში რეორგანიზაციის ეტაპი დასრულდება.

როდიდან დაიწყებს სამინისტრო გაზრდილი ანაზღაურების გაცემას - კონკრეტული ვადა მინისტრის მოადგილეს არ დაუსახელებია, თუმცა ცნობილია,რომ ხვალ უკვე ჩანიშნულია მხარეებს შორის შეხვედრა, რაც იმას ნიშნავს, რომ აგენტების დღევანდელი მოთხოვნა უკვე შესრულდა და, დიდი ალბათობით, მათ ორშაბათისთვის გაფიცვა აღარ მოუწევთ.

დღის ამბები