29 ნოემბერი 2024,   21:42
ვრცლად
"ოცნების" მაჟორიტარის ნათესავების კომპანიებმა ჯამში 6 მილიონი ლარის ტენდერები მოიგეს - დეპუტატი ბიზნესებთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს

ზემო აჭარის მაჟორიტარი დეპუტატისა და მისი ოჯახის წევრების ბიზნეს-საქმიანობის შესწავლისას ირკვევა, რომ დეპუტატის ბიძაშვილის, რძლისა და მამიდაშვილის კომპანიებმა ბიუჯეტიდან უკონკურენტო ტენდერებში 2 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს. მაჟორიტარის ოჯახის კომპანიების ძირითადი დამკვეთი აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტია, სადაც სატენდერო კომისიის წევრი და ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსი მისი შვილი როლანდ ბოლქვაძეა.

"გიგა 2015-ს", "აისმასა" და "ქედემს" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე 4 წლის განმავლობაში 97 მომსახურების შესყიდვის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. კომპანიებიდან ყველაზე შემოსავლიანი დეპუტატის ბიძაშვილის, რომან ბოლქვაძის შპს "გიგა2015-ია", რომელსაც 79 ტენდერი აქვს მოგებული. აქედან 69 საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ არის გამოცხადებული. ბოლო წლებში რამდენიმე მილიონის შემოსავალი მიიღო დეპუტატის რძლის, გურანდა გობაძისა და მამიდაშვილის შვილის, არჩილ ქედელიძის კომპანიებმაც.

ნათესავურ კავშირს ადასტურებს, თუმცა ნათესავების კომპანიების წარმატებებში საკუთარ კავშირს გამორიცხავს თავად ანზორ ბოლქვაძე. მაჟორიტარის განმარტებით, არცერთი ბიზნესი, რომელსაც მისი ოჯახის წევრები ფლობენ მასთან კავშირში არაა. დეპუტატი ნეპოტიზმს და კორუფციას გამორიცხავს და ორგანიზაციას, რომელმაც მისი და მისი ნათესავების საქმიანობა შეისწავლა სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს.

მმართველი პარტიის წევრის კავშირს მოგებულ ტენდერებთან გამორიცხავს "გიგა 2015-ის" მფლობელის შვილიც. თუმცა, მაჟორიტართან ახლო ნათესაურ კავშირს არ უარყოფს. რა უპირატესობების გამო ახერხებს "გიგა 2015" ტენდერების მოგებას, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა "კურიერთან" დღეს თავად რომან ბოლქვაძემ, რომელიც დეპუტატის ბიძაშვილია, არ ისურვა.

საგზაო დეპარტამენტში ამტკიცებენ, რომ მაჟორიტარის შვილს - როლანდ ბოლქვაძეს, რომელმაც "კურიერის" შეკითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა - საკუთარ ბიძაშვილებთან და ბიძასთან ნათესაობა არ აკავშირებს. უწყების იურისტი დარწმუნებულია, რომ ტენდერების დროს, მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატის შვილი თავად არის კომისიის წევრიც - ინტერესთა კონფლიქტი არ დაფიქსირებულა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა" ზემო აჭარის მაჟორიტარი დეპუტატისა და მისი ოჯახის წევრების ბიზნეს-საქმიანობის შესწავლას საგამოძიებო უწყებებს სთხოვს. არასამთავრობო ორგანიზაციამ სამგზის მაჟორიტარის სანათესაოს მიერ აჭარაში მოგებული ტენდერებზე კვლევა დღეს გაასაჯაროვა.

ექვსი მილიონი ლარის ტენდერები, მიწის ნაკვეთები და სასტუმრო სამთო კურორტ გოდერძიზე, კომერციული ფართები და ბინები ბათუმში - ეს "ქართული ოცნების" მაჟორიტარ ბოლქვაძის გარემოცვის მიერ ბოლო წლებში დაგროვებული ქონების არასრული ჩამონათვალია.

დღის ამბები