29 ნოემბერი 2024,   21:28
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებების ბედი დამოუკიდებელი დეპუტატების ხელში - ორშაბათს საარჩევნო სისტემის საკითხი საბოლოოდ გადაწყდება

გიორგი რურუას გზავნილი საპატიმროდან მოკლეა და კონკრეტული - ავტორი საზოგადოების და საერთაშორისო თანამეგობრობის მთავარ მოთხოვნაზე საუბრობს და სწორედ ამიტომ, მეგობრებს საქმის ბოლომდე მიყვანისკენ მოუწოდებს. პასუხიც მოკლეა - "წერილი არაფერს ცვლის", პრინციპი პრინციპად რჩება, შესაბამისად, მოთხოვნაც - თუ "ოცნებას" ხმები სჭირდება, მას გიორგი რურუას ციხიდან გამოშვება მოუწევს - ამბობს ოპოზიცია.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის პოზიციით, თავისუფალი რურუა ოპონენტებს არ სჭირდებათ. გია ვოლსკი თვლის, რომ პირიქით, ხელსაყრელი პოზიციონირების შესაძლებლობას მათ სწორედ ციხეში მყოფი რურუა აძლევთ. ის აქცენტს მთავარ მოთხოვნაზე აკეთებს - რომ კანონპროექტს მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს.

გიორგი რურუას თემა დღეს აქტუალური კიდევ ერთმა წერილმა გახადა, რომლის ავტორიც ამჯერად კახა კუჭავაა. დეპუტატი ევროპარლამენტარებს წერს, რომ ადამიანი, რომლის თემითაც, მისი თქმით, "რადიკალური ოპოზიცია სპეკულირებს", არაერთ დანაშაულში ფიგურირებს და წერილს ფაქტებს ურთავს თან. ოპოზიციისთვის ეს წერილი ევროპარლამენტარებს დაარწმუნებს იმაში, რომ საკითხზე ნამდვილად ხდება პოლიტიკური ზეწოლა.

კახა კუჭავა ერთადერთი არ ყოფილა, ვისაც დღეს საკუთარ მოსაზრებებზე პასუხის გაცემა მოუწია. კიდევ ერთი ასეთი დეპუტატი აკაკი ბობოხიძეა, რომელსაც ერთ-ერთი სააგენტოსთვის მიცემული ინტერვიუს გამო პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტებების გაკეთება მოსთხოვა. დეპუტატი ამბობს, რომ სურს საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე კენჭისყრაზე ჩავარდეს, თუმცა არა იმიტომ, რომ საკითხი საბოლოოდ დაიხუროს, არამედ იმიტომ ,რომ ივანიშვილს ოპოზიციის ხმები დასჭირდეს, რის სანაცვლოდაც რურუას გათავისუფლების მოთხოვნა შესრულდეს. ბობოხიძე თვლის, რომ "ოცნებამ" წაკითხულის შინაარსი ვერ გამოიტანა.

ის, რომ მეორე მოსმენით საკითხის მხარდაჭერაში დიდი წვლილი დამოუკიდებელ დეპუტატებს აქვთ, ამას აღიარებენ "ოცნებაშიც", თუმცა ღიად რჩება კითხვა, რა მოხდება მესამე მოსმენაზე, როდესაც მეორე ჯერზე ჩავარდნისგან კანონპროექტი სულ სამმა ხმამ იხსნა. დამოუკიდებელი დეპუტატები ორი პოლიტიკური ძალის განცხადებებს ირონიით უყურებენ და კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს, რომ პროექტს საფრთხე არ უნდა დაემუქროს.

სავარაუდოდ, ორშაბათს, 29 ივნისს საკანონმდებლო ორგანო საკონსტიტუციო ცვლილებებზე მესამე და ბოლო მოსმენას გამართავს. ეს იქნება გადამწყვეტი კენჭისყრა, რომელიც, საბოლოოდ, ქვეყნის საარჩევნო მომავალს განსაზღვრავს.

დღის ამბები