29 ნოემბერი 2024,   21:37
ვრცლად
კერძო ბაღების მფლობელები საქმიანობს აღდგენას ითხოვენ

კერძო ბაღების მფლობელები საქმიანობის აღდგენას ითხოვენ. მათი განცხადებით, საქართველოში არსებული ეპიდსიტუაცია იძლევა იმის საშუალებას, რომ ბაღებმა ფუნქციონირება დაიწყონ. ამბობენ, რომ პრობლემები და ხარჯი გაეზრდათ. მეიჯარეებმა შენობის გაქირავებაზე განცხადებები საიტებზე ისე განათავსეს, რომ მათ ინფორმაცია არ ჰქონდათ. თუ დროულად იჯარის გადახდას ვერ მოახერხებენ, ფართის დაცლა მოუწევთ. ნაწილს შენობა იპოთეკით აქვს დატვირთული და შეწყვეტილი საქმიანობის პირობებში სასესხო ვალდებულებებიც გაეზარდათ.

ფინანსური პრობლემები აქვს ბაგა-ბაღ "ცეროდენასაც". სააღმზრდელო დაწესებულებაში გვითხრეს, რომ მათი მრავალწლიან ბიზნესს ლიკვიდაცია ემუქრება. ამ პრობლემების გარდა, ბაღის ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ საჯარო და კერძო ბაღი სახელმწიფომ ერთნაირ მდგომარეობაში არ უნდა ჩააყენოს. ორგანიზაცია აღსაზრდელების მისაღებად მზად არის, ინფიცირების პრევენციული ღონისძიებები უკვე გატარებულია.

მსგავს მდგომარეობაში თბილისში 100-მდე კერძო საბავშვო ბაღია , რომლებმაც ერთიანი ასოციაცია შექმნეს. ნაწილს კამერებთან გამოჩენა არ უნდა, ნაწილი კი მოთხოვნებით ჯანდაცვის სამინისტროსთან შეიკრიბა და შრომის ინსპექციის ხელმძღვანელთან შეხვედრა მოითხოვა. დაგეგმილი შეხვედრა ვერ შედგა, რადგან ბექა ფერაძის განცხადებით, მისი ფუნქცია უსაფრთხო პროტოკოლის შემუშავებაა და არსებულ პრობლემები მისი კომპეტენციის ფარგლებში ვერ გვარდება.

კერძო ბაღების გახსნას ითხოვენ სამსახურებს დაბრუნებული მშობლები. ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ბაღებში საქმიანობა მას შემდეგ აღდგება, როდესაც მდგომარეობა უსაფრთხოდ ჩაითვლება.

რეკომენდაციები, რომლის შესრულებაც პანდემიის პირობებში კერძო საბავშვო ბაღებს დაევალება, უკვე შემუშავების პროცესშია და უახლოეს დღეებში ცნობილი გახდება.

დღის ამბები