29 ნოემბერი 2024,   21:54
ვრცლად
მორიგი მუქარა ქართველი ჟურნალისტის მისამართით - რუსი დეპუტატი პუტინის შეურაცხყოფისთვის გიორგი გაბუნიას რუსული კანონმდებლობით გასამართლებას ითხოვს

ქართველი ჟურნალისტის მისამართით მორიგი მუქარა რუსეთის სათათბიროდან გაისმა. ოკუპანტი ქვეყნის ლიდერის შეურაცხყოფისთვის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის წევრი გიორგი გაბუნიას რუსული კანონმდებლობით გასამართლებას ითხოვს. განცხადება ალექსანდრ შერინმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას გააკეთა. 

ამ მოთხოვნას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით არ აყენებს. თუმცა, ქართველი ჟურნალისტების მიმართ არ მალავს დამოკიდებულებას მარია ზახაროვა. ოკუპანტი ქვეყნის მთავარი დიპლომატიური უწყების წარმომადგენელი, ქართული მედიის წარმომადგენლებისთვის სერგეი ლავროვის მიერ ნათქვამ ფრაზას "თქვენ ავად ხართ, გოგონებო" იშველიებს.

ქართველი ჟურნალისტის დაცვას ითხოვს ევროპის პრესისა და მედიის თავისუფლების ცენტრი. ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას ამ მიზნით ყველა საჭირო ზომის მიღებისკენ მოუწოდებს.

გიორგი გაბუნიას მიმართ მუქარას დღეს მისი უფლებადამცველი გამოეხმაურა.

რა საფრთხის მატარებელია ვლადიმერ ჟირინოვსკის პარტიის წევრის მუქარა, რომელიც საქართველოს ანექსიის და თბილისის დაბომბვის ინიციატივით არაერთხელ გამოვიდა - ამაზე საპარლამენტო ოპოზიცია ყურადღებას არ ამახვილებს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში საქართველოს მთავრობას მისთვის ადეკვატური პასუხის გაცემისკენ მოუწოდებს.

საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოება დაცულია - რუსეთის სათათბიროს მუქარა კი არასერიოზული. ეს მმართველი პარტიის პასუხია. 

ვიდრე რუსეთის მხრიდან მუქარის შემცველი განცხადებები კეთდება, თბილისში იმის გარკვევას ცდილობენ, იგეგმებოდა თუ არა გიორგი გაბუნიას შეკვეთილი მკვლელობა. გამოძიების შეკითხვებს დღეს ამ საქმის ფარგლებში დღეს საათზე მეტ ხანს პასუხობდა ჟურნალისტი ნოდარ მელაძე.

გიორგი გაბუნიაზე შესაძლო თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება გრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტის ლიკვიდაციას რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბოკოვი გეგმავდა. ის ქართველმა სამართალდამცველებმა ორი კვირის წინ სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. გამოძიება ბოკოვს ყალბი დოკუმენტების შეძენა-შენახვა-რეალიზაციას ედავება. სხვა ოფიციალური ინფორმაცია დამატებით აღარ გავრცელებულა.

დღის ამბები