29 ნოემბერი 2024,   20:37
ვრცლად
"მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია" - გიორგი რურუა განცხადებას ავრცელებს

გიორგი რურუა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. რურუა მოუწოდებს ოპოზიციას, მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღონ, რადგან ეს საზოგადოების დაკვეთა და საერთაშორისო მეგობრების თხოვნაა. 

"მინდა გამოვეხმაურო რვა მარტის შეთანხმებას! ჩემი პოზიცია ასეთია, მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია, მნიშვნელობის აღნიშვნას აღარ დავიწყებ. მესმის ჩემი მეგობრების პოზიციაც, მეც ასე მოვიქცეოდი მათ ადგილას. ჩემი მძევლად დატოვება ახლა მეორე ხარისხოვანია. უპრინციპობას ჩვენ ვერავინ დაგვაბრალებს.
პროპორციული საარჩევნო კანონის მიღება იყო და არის საზოზგადოების მთავარი მოთხოვნა, ასევე ჩვენი საერთაშორისო მეგობრების თხოვნაც.
ეს საქმე მივიყვანოთ ბოლომდე,"-აცხადებს გიორგი რურუა. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა, რომელსაც გამოძიება იარაღის უკანონო ტარება-შენახვას ედავება, ერთ-ერთია მათგან, ვისაც ოპოზიცია პოლიტპატიმრებად მიიჩნევს. ოპოზიციის განცხადებით, გიორგი რურუას, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით 8 მარტს ხელისუფლებასთან შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა შეთანხმების ამ პუნქტს "ქართული ოცნება" კატეგორიულად უარყოფს.

პატიმრობაში მყოფი გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა. ოპოზიცია აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში, რომელმაც პროპორციულ სისტემასთან მიახლოებული საარჩევნო სისტემა უნდა უზრუნველყოს, მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს მონაწილეობას, თუ პატიმრობიდან გიორგი რურუაც გათავისუფლდება. 

საკონსტიტუციო ცვლილების პირველი მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა "ევროპულმა საქართველომ" მიიღო, თუმცა მეორე და მესამე მოსმენაში მონაწილეობის მისაღებად გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვენ.

"ნაციონალურ მოძრაობა" არცერთ კენჭისყრას არ დასწრებია.

მესამე მოსმენით ცვლილებების კენჭისყრა, სავარაუდოდ, ორშაბათს, 29 ივნისს გაიმართება. 

დღის ამბები