29 ნოემბერი 2024,   20:40
ვრცლად
მაჟორიტარ ანზორ ბოლქვაძის ნათესავების სამმა კომპანიამ აჭარაში სახელმწიფო შესყიდვებიდან 6 მილიონამდე ლარის შემოსავალი მიიღო - TI

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი დეპუტატის ანზორ ბოლქვაძის ეკონომიკურ ინტერესებზე საუბრობს.

ორგანიზაციამ მარტში გამოაქვეყნა კვლევა, რომლითაც გამოიკვეთა, რომ მაჟორიტარი დეპუტატი ქონებრივ დეკლარაციაში სრულად არ ასახავს მისი და მისი ოჯახის წევრების ქონებას, კომპანიებსა და ამ კომპანიებიდან მიღებულ შემოსავლებს. ორგანიზაციის განმარტებით, ანზორ ბოლქვაძე 12 წელია, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატია და აქვს რამდენიმე ბიზნესი.

ორგანიზაციის ცნობით, მაჟორიტარ ანზორ ბოლქვაძის ნათესავების სამმა კომპანიამ აჭარაში სახელწიფო შესყიდვებიდან 2016-2020 წლებში 6 მილიონამდე ლარის შემოსავალი მიიღო.

"საერთაშორისო გამჭვირვალობამ" საჯარო სამსახურის ბიუროს აღმოჩენილ ხარვეზებზე რეაგირება მოითხოვა.

"ნათლად ჩანს, რომ რა მეთოდებს იყენებს ანზორ ბოლქვაძე იმისათვის, რომ განავითაროს თავისი საოჯახო ბიზნესი. მხოლოდ 3 კომპანიასთან დაკავშირებით დავითვალეთ ბოლო 4 წლის განმავლობაში და ამ კომპანიებმა 6 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს სახელმწიფო შესყიდვებიდან. მისი ბიძაშვილის კომპანია "გიგა 2015" 3,825 000 ლარს იღებს და ძირითადი შემსყიდველი მისი მომსახურების არის აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი, სადაც ანზორ ბოლქვაძის შვილია ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი.

ანტიკორუფციული სააგენტო და გენერალური პროკურატურა უნდა დაინტერესდნენ ამ კონკრეტული კომპანიების - "გიგა 2015"-ის, "აისის", "ქედეს" საქმიანობით და იმ სახელწიფო შესყიდვებით, რომლებიც მიიღო ამ კომპანიებმა. ჩვენი აზრით, ამ შესყიდვებში არის სავარაუდო კორუფციის რისკი," - განაცხადა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" რეგიონული ოფისების მენეჯერმა ზვიად ქორიძემ.

დღის ამბები