29 ნოემბერი 2024,   20:39
ვრცლად
პოლიტიკა ამინდივით ცვალებადია, დღეს ღრუბლიანი ამინდი იყო, ხვალ მზე გამოაკაშკაშებს - ნათელაშვილმა ნატოში შესვლასთან დაკავშირებით აზრი შეიცვალა

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ნატოში შესვლასთან დაკავშირებით აზრი შეიცვალა და აღნიშნა, რომ პოლიტიკა ცვალებადი პროცესია. მისივე თქმით, მისი ღირებულებები არ შეცვლილა, თუმცა მიზნამდე მისაღწევი გზები მუდმივად იცვლება. 

"ძველი განცხადებების წამოძახება, ერთის მხრივ, სწორია, რომ ფხიზლად ვიყოთ და ფრთხილად ვაკეთოთ განცხადებები, მეორეს მხრივ, მთლად არ არის სწორი, რადგან პოლიტიკა ცვალებადი პროცესია, როგორც ამინდი. დღეს ღრუბლიანი ამინდი იყო, ხვალ მზე გამოაკაშკაშებს, მაზეგ შტორმია - შესაბამისად, პოლიტიკური მიდგომები იცვლება. ჩემი ღირებულებები არ შეცვლილა - დამოუკიდებელი, ძლიერი საქართველო, დასაქმებული მოსახლეობა, ფეხზე დამდგარი განათლება, წარმოება, მაგარი ეკონომიკა - ეს არის ჩემი მიზანი.

ჩემი განსხვავებულობა იმაში მდგომარეობს, რომ შემიძლია წავიდე საერთო აზრის წინააღმდეგ რადიკალურად. ანუ, ვარდების რევოლუციის წინააღმდეგ წასვლამ ყველა კარგად გვაზარალა მაშინ, ყველა გვაგინებდა, როგორც შევარდნაძესთან შეკრულებს, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს ახალგაზრდა რეფორმატორებს. ასევე, 2012 წელს, როცა ვთქვი, რომ ხალხო, ნუ ხართ ფულზე აკუნტრუშებული ხალხი, ივანიშვილია გადამგდები, ნარკოვაჭარი, მოგატყუებთ, დარჩებით პირდაღებულები. მაშინაც მთელი ხალხი მე მაგინებდა. მე შემიძლია წავიდე საზოგადოებრივ განწყობის წინააღმდეგ და პოლიტიკოსის უნარი ამაშია, რომ ის როცა ხედავს ჰორიზონტს იქით რამეს, რასაც შეიძლება ვერ ხედავდეს დანარჩენი საზოგადოება, ეს სიმართლე უნდა უთხრა. არ მაინტერესებს, როცა სიმართლეს ვამბობ, ვისთვის როგორი მოსასმენია. სიმართლე არის ერთი."-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს პოლიტიკოსს წარსულში გაკეთებული განცხადება გაახსენეს, როდესაც შალვა ნათელაშვილმა თქვა, რომ როგორც კი პარლამენტში შევა, მიიღებს კანონს, რითაც საქართველო ნატოში შესვლაზე უარს იტყვის. ნათელაშვილის მაშინდელი განცხადების მიხედვით, შედეგად, რუსეთთან, აფხაზეთისა და ოსეთის საკითხზე მოლაპარაკებები დაიწყებოდა.

დღის ამბები