29 ნოემბერი 2024,   20:51
ვრცლად
გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმე - გამოძიება მოწმეების გამოკითხვას აგრძელებს და მომხდარის სხვადასხვა ვერსიაზე მუშაობს

ოქროს მოწმე გურამ ამირხანაშვილი 18 ივნისს მცხეთიდან თბილისში შავი ფერის "ტოიოტას" მარკის ავტომობილით ჩამოიყვანეს. ავტომობილი ნივთმტკიცების სახით გასულ ღამეს ამოიღეს. მანქანას დაზიანებები აღენიშნება მარჯვენა წინა და უკანა ფრთაზე, ასევე დაზიანებულია მარჯვენა ნისლსაწინააღმდეგო ფარი. დაზიანდა თუ არა დაპირისპირების დროს ნარაკვევში, უცნობია.

ახლობლის დასახმარებლად თბილისიდან ავტომობილით 6 პირი წავიდა. ისინი ჯერ ნაქირავებ აგარაკზე ჩავიდნენ, შემდეგ კი თბილისისკენ მომავალ გზაზე გარდაცვლილ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილსა და გურამ ამირხანაშვილს შეხვდნენ. როგორც ამ ამბის ოქროს მოწმე გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახის წევრებს უყვება, ისინი მათთან ახლოს მყოფ რამდენიმე ბიჭს ფიზიკურად გაუსწორდნენ. გიორგიმ და გურამმა კი დამალვა სცადეს. შაქარაშვილის მეგობარმა გურამმა დამალვა ვერ შეძლო და ის მანქანაში ჩასვეს. ავტომობილის ამ 6 მგზავრიდან დღეს ორი გამოკითხვაზე დაიბარეს. ნაძალადევის რაიონში მცხოვრები რაგბისტები დუმილს ამჯობინებენ, მათი ადვოკატი კი ამტკიცებს, რომ "ტოიოტას" მგზავრები ვითარების განსამუხტავად ჩავიდნენ.

ოჯახი მომხდარის სხვა ვერსიას ყვება. ისინი ვარაუდობენ, რომ "ტოიოტას" მარკის ავტომობილში ის ახალგაზრდაც იმყოფებოდა, რომელმაც მეგობრებს დასახმარებლად დაურეკა და გიორგი შაქარაშვილსა და გურამ ამირხანაშვილთან ერთად ის ბიჭები ნახა, რომლებიც მანამდე მას ნარაკვევში აგარაკზე ფიზიკურად გაუსწორდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ბოლო 5 დღის განმავლობაში გამოვლენილი ფაქტების გამო თავისუფლების უკანონო აღკვეთს მუხლს ძალადობის მუხლიც დაამატა.

საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში გაიჩხრიკა რამდენიმე ბინა და ავტომობილი, ამოღებულია 3 მანქანა, მობილური ტელეფონები და ტანსაცმელი. ჩატარებულია 10-მდე საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის საგამოძიებო ექსპერიმენტი. დაკითხულია 50-მდე პირი, მათ შორის საქმეში ფიგურანტი საბურთალოსა და ნაძალადევში მცხოვრები პირები.

ოჯახი გამოძიებას ნდობას უცხადებს და იცავს უდანაშაულობის პრეზუმფციას, თუმცა მათი გადაწყვეტილებით საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი ჩართო. კახა ერისთავი გიორგი შაქარაშვილის ცხედრის ექსპერტიზას გუშინ სამხარაულის სახელობის საექსპერტო ბიუროში დაესწრო. სამხარაულმა 45 სამუშაო დღეში უნდა დაადგინოს ჰქონდა თუ არა გიორგი შაქარაშვილს დაზიანებები სიცოცხლეში მიყენებული.

გურამ ამირხანაშვილს დღეს გამომძიებლებმა კიდევ ერთხელ მოუსმინეს, ასევე წვეულების სხვა მოწმეებსაც. ოქროს მოწმეზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ დიდი დაპირისპირების დროს 10-მდე პირი დაშავდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ მიმართულებითაც მუშაობს.

19 წლის ფეხბურთელის ცხედარი 3 დღიანი ძებნის შემდეგ მდინარე არაგვის კალაპოტში იპოვეს.

დღის ამბები