29 ნოემბერი 2024,   20:48
ვრცლად
ვაკანტური 2 ოლქი - ოპოზიცია ისევ კონსულტაციების რეჟიმშია, ალეკო ელისაშვილი და თაკო ჩარკვიანი კი საბურთალოს მაჟორიტარობისთვის ემზადებიან

საპარლამენტო არჩევნებისთვის კანდიდატების შერჩევის პროცესში ოპოზიცია კონსულტაციების რეჟიმში რჩება. მსჯელობის საგანი ახლა ის 2 ვაკანტური საარჩევნო ოლქია, სადაც მაჟორიტარობის კანდიდატები ამ დრომდე არაა დასახელებული. საუბარია საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთზე. ოპოზიციურ პარტიებში ამბობენ, რომ როგორც 6 კანდიდატთან დაკავშირებით, ასევე ამ 2 შემთხვევაშიც შეთანხმდებიან და "ქართულ ოცნებას" ძლიერ კანდიდატებს დაუპირისპირებენ. მათი თქმით, მნიშვნელოვანია ერთიანი პოზიციის შენარჩუნება და აუცილებელია, ამ 2 საარჩევნო ოლქშიც ოპოზიციის უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის დასახელება.

ოპოზიციის ერთიანობაზე ამახვილებს ყურადღებას გიორგი ვაშაძე. ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი განმარტავს, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთში კანდიდატები სტრატეგიული გათვლებით არ წარადგინა და პოლიტიკაში ჩართვის მსურველებს ელოდებიან.

ვიდრე ოპოზიცია კონსულტაციების რეჟიმშია, საბურთალოს მაჟორიტარად ბრძოლისთვის ემზადება ალეკო ელისაშვილი, საბოლოო გადაწყვეტილებას კი მას შემდეგ მიიღებს, რაც მისი სამოქალაქო მოძრაობის პოლიტიკურ პარტიად დარეგისტრირების პროცედურა დასრულდება.

ოპოზიციისთვის ხმების წასართმევად საკუთარი კანდიდატურა საბურთალოს ოლქში უკვე წარადგინა პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერმა. თაკო ჩარკვიანის თქმით, ის ფსევდო ოპოზიციას უპირისპირდება.

არამარტო დედაქალაქში, ქვეყნის 30-ვე ოლქში დამოუკიდებლად იბრძოლებს "ლელო". მამუკა ხაზარაძის თქმით, კანდიდატების შერჩევა უკვე დაწყებული აქვთ და არ აპირებენ ოპოზიციასთან შეთანხმებას.

ოპოზიციურ პარტიებს საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარების წარდგენის ვადა ჯერ ისევ აქვთ და ამბობენ, რომ აჩქარებას არ აპირებენ, რადგან კანდიდატების დასახელება არჩევნებამდე 1 თვით ადრეც შეუძლიათ.

დღის ამბები