29 ნოემბერი 2024,   20:31
ვრცლად
5 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ გაყიდული 5 დღის ჩვილი - დანაშაულის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი

ბორის ძაძამია ის პირია, რომელიც 5 000 ამერიკული დოლარის სანაცვლოდ 5 დღის ჩვილის მისაკუთრებას ცდილობდა. არსებული ინფორმაციით, წინასწარ განზრახული გეგმის მიხედვით, ახალშობილი ქვეყნიდან უნდა გაეყვანათ. ოფიციალური ვერსიით, დანაშაულში მონაწილე პირები წინასწარ შეთანხმდნენ, რომ იუსტიციის სახლში ბავშვს ბიოლოგიური მამის ნაცვლად მყიდველის გვარი მიენიჭებოდა, რომლითაც საზღვარს გადაკვეთდა. ამის შემდეგ, დანაშაულის გაცხადების შემთხვევაში, გამოძიებას კვალი აერეოდა.

დანაშაულის სისრულეში მოყვანის მიზნით, ცოლ-ქმარმა დუშეთი, სადაც უკვე სამი წელია ცხოვრობენ, 18 ივნისს დატოვა. წინასწარვე განაცხადეს, რომ ახალშობილით არ დაბრუნდებოდნენ, რადგან ბავშვს აღსაზრდელად ბებიასთან დატოვებდნენ. ეს სცენარი ადგილობრივებისთვის უკვე კარგად ნაცნობი იყო, რადგან, როგორც ირკვევა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დაკავებული ცოლ-ქმარი, სავარაუდოდ, შვილით ვაჭრობის საქმეში ფიგურირებს. "კურიერს" ადგილობრივები უყვებიან, რომ დედამ  ერთი წლის წინაც გააჩინა შვილი, რომლის ბედიც მას შემდეგ აღარავის მოუკითხავს.

შვილით ვაჭრობის საქმეზე ოპერატიული ინფორმაცია გამოძიებამდე ოჯახის ახლობელმა მიიტანა. სწორედ ის აღმოჩნდა პირიც, რომელმაც შემდგომ ფარული საგამოძიებო მოქმედებები განახორციელა. ამ წყარომ გადაიღო ფარული ვიდეო, რომელიც ასახავს ფაქტს - როგორ იღებს დედა შვილის დათმობის სანაცვლოდ 5 000 დოლარს.

ვიდეო გადაღებულია რამდენიმე საათის შემდეგ, როცა დედამ ჩვილთან ერთად სამშობიარო დატოვა. სტაბილური მდგომარეობით ისინი საავადმყოფოდან გუშინ გაწერეს. სამშობიაროში შესაძლო დანაშაულის შესახებ მხოლოდ მაშინ გაიგეს, როცა გამომძიებლებმა ადმინისტრაციისგან პაციენტის ისტორია გამოითხოვეს.

ჩვილი, რომლის გაყიდვაც დააპირეს, სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშაა.

დანაშაული ორიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დამძიმდება თუ არა მუხლი, ეს იმაზეა დამოკიდებული, დაუდგინდებათ თუ არა მშობლებს, რომ ანალოგიური დანაშაული რამდენჯერმე ჩაიდინეს.

დღის ამბები