29 ნოემბერი 2024,   20:27
ვრცლად
დააგროვებს თუ არა ხმების საჭირო რაოდენობას ახალი საარჩევნო სისტემა მეორე მოსმენაზე - პარლამენტში კანონპროექტის განხილვა 12 საათზე დაიწყება  

დააგროვებს თუ არა ხმების საჭირო რაოდენობას ახალი საარჩევნო სისტემა მეორე მოსმენაზე? ამ კითხვაზე პასუხი რამდენიმე საათში ცნობილი გახდება. განხილვა საკანონმდებლო ორგანოში 12 საათისთვის უნდა დაიწყოს.

მმართველ გუნდში ამტკიცებენ, რომ კანონპროექტი ოპოზიციის გარეშეც კი უპრობლემოდ დამტკიცდება.

უცვლელია ხელისუფლების ოპონენტების პოზიცია - გიორგი რურუას გათავისუფლებამდე კანონპროექტს მხარს არ დაუჭერენ.

თუ დღეს საარჩევნო მოდელი საკმარის ხმებს ვერ მოაგროვებს, მისი ხელახლა დაინიცირების მექანიზმით საკითხი დახურულად მაინც არ ჩაითვლება. დამტკიცების შემთხვევაში კი ბოლო მოსმენა 29 ივნისს გაიმართება.

"პირველი მოსმენისგან განსხვავებით, როცა თუ ჩავარდებოდა დამთავრდებოდა პროცესი და თან ხელს გაიშვერდა ოპოზიციისკენ, ახლა ეს მანევრი მას აღარ აქვს. ამიტომ, უნდა გაუშვას გიორგი რურუა, რომელიც პოლიტპატიმარია და მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილებები. ერთ-ერთს თუ არ გააკეთებს, ყველა შემთხვევაში ცუდ დღეშია, თუ ორივეს არ გააკეთებს კიდევ უფრო ცუდ დღეშია. ამიტომ, „ევროპული საქართველოს ამ სვლამ კიდევ უფრო გაზარდა წნეხი, შანსები რომ პოლიტიკური პატიმარი გამოუშვან და მოხდეს ნორმალიზაცია ვითარების, ან გადაიხადოს კიდევ უფრო დიდი ფასი ივანიშვილმა, რაც ძალიან მწარედ დაუჯდება,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

პოზიციას არ იცვლის ნაციონალური მოძრაობა და 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულების მოლოდინშია. 

"ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა, ერთი მხრივ ჩვენ ველოდებით 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას, რაც გაჟღერდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაში, მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ცვლილება შევიდეს კონსტიტუციაში და ეს ჩავარდეს და შესაბამისად, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. თუ რაიმე პოზიტიურ დინამიკას დავინახავთ 8 მარტის შეთანხმების შესრულების თვალსაზრისით, ჩვენ შესაძლოა გადავხედოთ ჩვენს გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია ”დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარე მარიამ ჯაში აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე და მესამე მოსმენას ფრაქციის 7 წევრის ხმა გარანტირებულად ექნება.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს გარანტირებულად, 116 დეპუტატის მხარდაჭერა უკვე აქვს.

"116 დეპუტატს აქვს დადასტურებული მხარდაჭერა ამ კანონპროექტის მიმართ, შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ოპტიმიზმის ძალიან მყარი საფუძველი. 116 დეპუტატის მხარდაჭერა იქნება უზრუნველყოფილი, რაც შეეხება მათ არ მონაწილეობას, ის არის მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობა მიუხედავად ელჩების რამდენიმე მოწოდებისა, ისინი უარს ამბობენ კენჭისყრაზე, რაც არის მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საგანი,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

 

დღის ამბები