29 ნოემბერი 2024,   20:43
ვრცლად
საქართველო-რუსეთის საზღვრიდან აყვანილი ქართველი მწყემსის ისტორია, რომელიც 1 კვირის განმავლობაში არ ხმაურდებოდა

საქართველო-რუსეთის საზღვრიდან აყვანილი ქართველი მწყემსის ისტორია, რომელიც 1 კვირის განმავლობაში არ ხმაურდებოდა - ამჯერად, საქართველოს მოქალაქე რუსმა მესაზღვრეებმა კახეთში დაღესტნის საზღვარზე დააკავეს. მოლაპარაკება რუსეთთან მწყემსის დაბრუნებაზე შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით მიმდინარეობს. ყვარლის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 25 წლის მამაკაცს რუსებმა ბრალი საზღვრის უკანონო კვეთაში დასდეს.

ტერიტორიას, სადაც 13 ივნისს საქართველოს მოქალაქე, 23 წლის დავით ვარდოშვილი დააკავეს, ადგილობრივები "ყადორის მთას" უწოდებენ. სოფელ ალმატის მაცხოვრებლები ამ ადგილს პირუტყვის საძოვრებისთვის იყენებენ. სწორედ ამ მიზნით იმყოფებოდნენ მთაზე დაკავების მომენტში მწყემსები, ლევან ბაწილაშვილი და დავით ვარდოშვილი. ბაწილაშვილის ბიძაშვილი გვიყვება, რომ მისმა ნათესავმა თავის დაღწევა მოახერხა.

რა გახდა ქართველი მწყემსის დაკავების მიზეზი, ჯერ დაუდგენელია. დაკავებულის მეზობლები სოფელ "ალმატიდან" გვიყვებიან, რომ "ყადორის მთის" ტერიტორიას ადგილობრივები სასოფლო - სამეურნეო დანიშნულებით იყენებენ. სოფლის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მწყემსებიც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.

დაკავებული დავით ვარდოშვილი სოფელში მარტო ცხოვრობდა, ამიტომ მისი სახლის კარი ახლა დაკეტილია. ოჯახის წევრებიდან, მომხდარ ფაქტს, მისი და გამოეხმაურა. მარიამ ვარდოშვილის თქმით, შესაძლოა მისმა ძმამ სასაზღვრო ზოლი გადაკვეთა, რაც მისი დაკავების მიზეზი გახდა.

უფრო მეტი დეტალის გასარკვევად ჩვენ კახეთის მხარეში რწმუნებულ ირაკლი ქადაგიშვილს დავუკავშირდით, თუმცა მან ჩვენთან საუბარი ამ თემაზე არ ისურვა და ისევ ძალოვან სტრუქტურასთან გადაგვამისამართა.

შსს-ს ინფორმაციით, დავით ვარდოშვილი, სავარაუდოდ, რუსმა მესაზღვრეებმა საზღვრის კვეთის ბრალდებით, რუსეთ-საქართველოს საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე აიყვანეს. ქართველი მწყემსი, რუს მესაზღვრეებს უკვე ცხრა დღეა პატიმრობაში ჰყავთ.

დღის ამბები