29 ნოემბერი 2024,   20:29
ვრცლად
საერთაშორისო ნარკოდანაშაული - რა სქემით ყიდდნენ ნარკოტიკს თბილისში დაკავებული უკრაინაის მოქალაქეები

თბილისში დაკავებულია უკრაინის სამი მოქალაქე, რომელთაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა-გასაღება ედებათ ბრალად.

გამოძიების ვერსიით, დაკავებულები ჩართულნი იყვნენ ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციის სქემაში. კერძოდ, წინასწარ სპეციალურად შერჩეულ სამალავებში ათავსებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს და მისამართებს დისტანციურად ატყობინებდნენ პირს, რომელიც შემდეგ ამ ნარკოტიკების რეალიზაციას ახდენდა.

სახლი, რომელზეც მუდმივი ვიდეოკონტროლი ხორციელდება, 6 თვის განმავლობაში ნარკოდანაშაულის ადგილი იყო. სამართალდამცველებმა ბრალდებულები სწორედ აქ დააკავეს.

უკრაინის სამი მოქალაქე მისამართზე ქირით ცხოვრობდა და ინტერნეტის საშუალებით ნარკოტიკებს, კერძოდ კი სუბოტექსს ყიდდა. ახლა სახლში არავინაა, თუმცა "კურიერმა" ბინის მეპატრონესთან გასაუბრება მოახერხა, რომელიც იმავე სადარბაზოში, თუმცა სხვა სახლში ცხოვრობს. შუახნის ქალს კამერებთან საჯაროდ გამოჩენა არ სურს, ყვება რომ მისი მდგმურების დანაშაულის შესახებ, მეზობლებისგან შეიტყო, საეჭვო კი მანამდე არაფერი შეუნიშნავს.

გამოძიების ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეები ნარკოტიკს ინტერნეტით ასაღებდნენ. სქემის მიხედვით სუბოტექსისი აბებს, წინასწარ შერჩეულ, მათთვის უსაფრთხო ადგილას, ძირითადად სადარბაზოებში ტოვებდნენ. ამის შემდეგ კლიენტს სოციალური ქსელის მეშვეობით უკავშირდებოდნენ და ლოკაციას ეუბნებოდნენ. "კურიერმა" დღეს ეს ადგილებიც გადაიღო.

თბილისის ერთ-ერთი უბნის კორპუსი, რომ თვეების განმავლობაში ნარკოტიკების შენახვის ადგილი იყო, არ იციან აქ მცხოვრებმა მოქალაქეებმა. მათი თქმით, საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ, თუმცა ადგილზე შპრიცები და ნარკოტიკების მოხმარებისთვის განკუთვნილი ნივთები ამ დრომდე ყრია.

საერთაშორისო ნარკოდანაშაული - ასე უწოდეს სამართალდამცველებმა უკრაინის სამი მოქალაქის დანაშაულებრივი სქემის გაშიფვრას. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში გამოიკითხნენ მოწმეები, ჩატარდა ექსპერტიზები, ნივთმტკიცებად ამოღებულია 800 მდე აბი სუბოტექსი.

შინაგან საქმეთა სამინსიტროს ოფიციალურ დადასტურებამდე, უცხო ქვეყნის 3 მოქალაქის დაკავება, "კურიერმა", რამდენიმე დღის წინ, ექსკლუზიურად გადაიღო. კადრებში, სამართალდამცველები ჩხრეკა - დაკავების ოქმებს ადგენენ, ასევე ჩანან, მძიმე დანაშაულში ბრალდებულებიც. 

დაკავებულები ამ დროისთვის წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. მათი ინტერესების დამცველები საქმის დეტალებზე მტკიცებულებების სრულად გაცნობის შემდეგ ისაუბრებენ. ადვოკატი, რომელიც 20 წლის გოგონას იცავს, ამბობს, რომ მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა ორმა პირმა არ იცოდა რა დანიშნულების აბებს ყიდდნენ.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა რეალიზების ფაქტზე მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 8-20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ. 

დღის ამბები