29 ნოემბერი 2024,   20:29
ვრცლად
"არაფერი საერთო ქალბატონ სოფიოს და ადამიანის უფლებებს არ აქვთ" - ოპოზიცია სოფო კილაძის კანდიდატურის შესახებ 

გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტში სოფიო კილაძის კანდიდატურის წარდგენა ოპოზიციის წევრებისთვის მიუღებელია. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ პარლამენტის ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის წარდგენა გაეროს შესაბამისი კომიტეტის წევრად, პრობლემურია. 

"არაფერი საერთო ქალბატონ სოფიოს და ადამიანის უფლებებს არ აქვთ. აგრეთვე, უნდა აღინიშნოს, რომ ქალბატონი სოფო, ყოველთვის, როდესაც იდგა კონფლიქტი ადამიანის უფლებებსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინტერესებს შორის, ადამიანის უფლებებსა და პროკურატურის ინტერესებს შორის, ყოველთვის იდგა ძალოვანი სამინისტროების მხარეს და არა ადამიანის უფლებების მხარეს... მისი წარდგენა გაეროს შესაბამისი კომიტეტის წევრად, ვთვლი რომ პრობლემურია,“ - აცხადებს ოთარ კახიძე.

სოფო კილაძის კანდიდატურის წარდგენას აკრიტიკებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ხატია დეკანოიძეც

"ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს ძალიან სერიოზული დეფიციტი აქვს ზოგადად პოლიტიკური ფიგურების, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებში, ვინც შეიძლება წარადგინოს. ამიტომ, ლოგიკურ ახსნას არ ექვემდებარება, იმიტომ რომ მთლიანად ქართული ოცნების მთელი ეს მოღვაწეობა და მათ შორის უფლებების დაცვის კუთხით მოღვაწეობა ეფუძნება ზუსტად საპირისპიროს,“ - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრს, ეკა ბესელიას არასამთავრობოების კრიტიკა სოფო კილაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით, არ უკვირს.  

"ის, რომ კილაძის მიმართ არსებობს ასეთი მკვეთრად კრიტიკული და უარყოფითი განწყობა უფლებადამცველების მიერ, მე არ მიკვირს, იმიტომ რომ ის არ არის უფლებადამცველი, მან არ იცის უფლებადაცვითი საქმიანობა," - განაცხადა ეკა ბესელიამ.

სოფო კილაძესთან დაკავშირებით, ოპოზიციის წევრების შეფასებები არ უკვირთ მმართველ გუნდში. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ვინც არ უნდა ყოფილიყო "ქართული ოცნებიდან", მსგავსი განცხადებები გაკეთდებოდა,

"სოფიო კილაძის განცხადებები არაფერ შუაშია, ვინც არ უნდა ყოფილიყო ქართული ოცნებიდან, ასეთი განცხადებები იქნებოდა... თავისი წარმოდგენები აქვთ, გასაგებია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მე დარწმუნებული ვარ, აქ კილაძე იქნებოდა თუ სხვა გვარი, არანაირი მნიშვნელობა არ იქნებოდა, შეიძლებოდა ჩვენ მიგვეღო იგივე განცხადებები," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები