29 ნოემბერი 2024,   20:38
ვრცლად
რეჟიმი იძულებული გახდა შეეტანა ცვლილებები ქვეყნის ძირითად კანონში, გადავდივართ პარტიულ პროპორციულ მოდელზე - შალვა ნათელაშვილი

საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებას მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს არასაპარლამენტო ოპოზიცია, რომელიც დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებას ცვლილებები სწორედ ოპოზიციის ერთიანობამ აიძულა.

საქართველოს "ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ამიერიდან საქართველო პარტიულ პროპორციულ მოდელზე გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ხალხი თავის მამულზე პოლიტიკურ სუვერენიტეტს იბრუნებს.

"ჩვენი ხალხის მედგარი წინააღმდეგობით, ოპოზიციის უპრეცენდენტო ერთიანობით, საერთაშორისო მეგობრების არნახული მხარდაჭერით რეჟიმი იძულებული გახდა შეეტანა ცვლილებები ქვეყნის ძირითად კანონში და საქართველო გადადის პარტიულ პროპორციულ მოდელზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ხალხი იბრუნებს პოლიტიკურ სუვერენიტეტს თავის მამულზე," - განაცხადა შალვა ნათელაშვილი.

როგორც "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე აცხადებს, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი იყო. ნინო ბურჯანაძე დიპლომატებს, ფასილიტატორ ელჩებს, საერთაშორისო თანამეგობრობასა და კოლეგა ოპოზიციონერებს მადლობას უხდის.

"საკონსტიტუციო ცვლილების მიღება მართლაც უმნიშვნელოვანესი იყო და კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს დიპლომატებს, რომლებიც გვეხმარებოდნენ ამ პროცესში და ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართული, ფასილიტატორ ელჩებს, საერთაშორისო თანამეგობრობას და ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ოპოზიციონერ კოლეგას, რომელიც შეკრებილი იყო ბატონი შალვა ნათელაშვილის ოფისში მაგიდის ირგვლივ და ამ მაგიდამ და ერთობამ ნამდვილად მოიპოვა ის, რისთვისაც ახალგაზრდები და საზოგადოება ამ პერიოდის განმავლობაში იბრძოდა," - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

დღის ამბები