საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გზით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, კერძო ლომბარდის ხელმძღვანელი დანაშაულებრივ გარიგებაში შევიდა ერთ-ერთი კომერციული ბანკის რეგიონალური ფილიალის ექსპერტ-შემფასებელთან, რა დროსაც ისინი შეთანხმდნენ, რომ ბანკის სერვის ცენტრში, სხვადასხვა ფიზიკური პირის სახელით, შედგებოდა სალომბარდე სესხის ყალბი ხელშეკრულებები, რომლის უზრუნველსაყოფად, ნაცვლად გირაოში ჩასადები ძვირფასეულობისა, დაგირავდებოდა არაძვირფასი ლითონის ნაკეთობანი (ე.წ. ბიჟუტერია).
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული გზით, 2018-2020 წლებში, 82 ფიქტიური სალომბარდე სასესხო ხელშეკრულების საფუძველზე, ბრალდებულები მოტყუებით დაუფლნენ ბანკის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას, რითაც ბანკს მიაყენეს 3476788 ლარის მატერიალური ზიანი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 220-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.