29 ნოემბერი 2024,   22:47
ვრცლად
საერთაშორისო ტურიზმთან მიმართებაში გადაწყვეტილებას მთავრობა საზოგადოებას უახლოეს პერიოდში გააცნობს

ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ტურისტული ტრანსპორტისთვის დადგენილი სტანდარტები საქალაქთაშორისო ტრანსპორტისთვის დაწესებულ რეგულაციებს უთანაბრდება, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

საბჭოს წევრებმა განიხილეს მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტურიზმის გახსნის მიმართულებით ფრთხილი და ეტაპობრივი მიდგომის შენარჩუნების აუცილებლობაზე და გადაწყვეტილებების მსოფლიოში არსებული ტენდენციების გათვალისწინებით მიღებაზე.

საქართველო ყურადღებით ეცნობა ევროკავშირში არსებულ ტენდენციებს, რომლის ფარგლებში პირველ ეტაპზე მხოლოდ შიდა საზღვრები გაიხსნა, ხოლო სხვა ქვეყნებთან მიმართებაში შეთანხმება მიღწეული არ არის და შესაბამის გადაწყვეტილებებს საერთაშორისო ტურიზმთან მიმართებაში, არსებული ვითარების გათვალისწინებით, საზოგადოებას უახლოეს პერიოდში გააცნობს.

ამასთან, საბჭოს სხდომაზე ყურადღება გამახვილდა PCR ტესტირებების გაფართოების პროცესსა და მთავრობის განკარგულებით განსაზღვრულ ჯგუფებში ტესტირების მიმდინარეობაზე, ასევე კლინიკებში არსებულ შესაძლებლობებზე.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

დღის ამბები