29 ნოემბერი 2024,   22:27
ვრცლად
"არსებული ინფორმაციით, უახლოეს მომავალში მოხდება მწყემსის ქართული მხარისთვის გადმოცემა" - შსს რუსი მესაზღვრეების მიერ დაკავებულ მოქალაქეზე

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსი მესაზღვრეების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის საკითხს ეხმიანება - უწყებაში აღნიშნავენ, რომ მის გასათავისუფლებლად მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს. 

"მიმდინარე წლის 13 ივნისს სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის სამმართველოს მესაზღვრეებს, საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე, დაუკავშირდა მწყემსი და აცნობა, რომ საქართველოს მოქალაქე, მწყემსი დ. ვ. სავარაუდოდ, რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს საზღვრის კვეთის ბრალდებით. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მოხდა მყისიერი რეაგირება, მათ შორის - ინციდენტის დეტალების დასადგენად.

პროცესში ჩართულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია. მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები მწყემსის გადმოცემათან დაკავშირებით და არსებული ინფორმაციით, უახლოეს მომავალში მოხდება მწყემსის ქართული მხარისთვის გადმოცემა," - აცხადებენ შსს-ში. 

რუსმა მესაზღვრეებმა საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში მცხოვრები დააკავეს.

25 წლამდე მამაკაცი დაღესტანი-საქართველოს საზღვრის მიმდებარედ აიყვანეს.

"კურიერის" ინფორმაციით, მასთან ერთად იმყოფებოდა კიდევ ერთი პირი, რომელმაც გაქცევა შეეძლო.

გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფოებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება.

დღის ამბები