29 ნოემბერი 2024,   21:28
ვრცლად
"ქართული ოცნების" ლობისტების წერილი ვაშინგტონს- მმართველი გუნდი კონგრესმენებისგან ბიძინა ივანიშვილის შესახებ ჩანაწერის თაობაზე განმარტებებს ელის

"ქართული ოცნების" ლობისტების მორიგი წერილი ვაშინგტონში - განცხადება 13 კონგრესმენის მიერ მომზადებულ იმ სტრატეგიულ დოკუმენტს ეხება, სადაც მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პუტინის მოკავშირედ და რუსეთი სასარგებლოდ დესტაბილიზაციის წყაროდ არის მოხსენიებული.

წერილში საუბარია, რომ მოსაზრებები უსაფუძვლოა, რადგან ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდში, საქართველო დასავლურ ალიანსსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მეტად დაუახლოვდა. ოფიციალურ მიმართვაში ნათქვამია, რომ "ქართული ოცნება" ელის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას.

"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ისინი ელოდებიან განმარტებებს, თუ რა გზით მოხვდა ჩანაწერი ბიძინა ივანიშვილის შესახებ ოფიციალურ დოკუმენტში. 

"ერთმა კონგრესმენმა უკვე აღნიშნა, რომ ეს იყო ტექნიკური ჯგუფის მიერ მომზადებული დოკუმენტი და, ბუნებრივია, 170 გვერდიანი დოკუმენტის ყველა წინადადებას პარლამენტარები ზედმიწევნით არ ეცნობიან ხოლმე. ეს დაადასტურა ერთ-ერთმა კონგრესმენმა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს ფაქტი ყველამ დაადასტუროს იმისათვის, რომ ნათელი მოეფინოს, თუ რასთან გვქონდა რეალურად საქმე. მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ეს ერთი ფრაზა იყო მთლიანად მოწყვეტილი საერთო კონტექსტს და იმავე დოკუმენტის საერთო სულისკვეთებას. მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ მივიღოთ მკაფიო პასუხი, თუ რა გზით გაიპარა ეს ხარვეზი დოკუმენტში - იყო ეს ლობისტების ძალისხმევა თუ რაიმე სხვა. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ლობისტების ძალისხმევა,"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძეც დარწმუნებულია, რომ დოკუმენტის ხელმომწერმა კონგრესმენებმა ბიძინა ივანიშვილის შესახებ ჩანაწერზე არაფერი იცოდნენ. 

"მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სხვა კონგრესმენებთანაც ზუსტად იგივე მდგომარეობაა. ესაა საკმაოდ მოცულობითი ტექსტი და კონგრესმენები, რომლებიც ძირითადად ეყრდნობიან სტაფის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას თუ სხვადასხვა წყაროებიდან მოწოდებულ ინფორმაციას, შეიძლება დეტალურად არ იცოდნენ რა წერია დოკუმენტში და ამასთან გვქონდა საქმე. ჩვენი ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს ისტორიის მანძილზე დღეს არის ყველაზე ძლიერ პოზიციაზე და ყველაზე მაღალ ნიშნულზე,"-განაცხადა სოფიო კილაძემ.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის ეროვნული უსაფრთხოების ანგარიშში "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მოხსენიებულია, როგორც "პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული". ანგარიშს ხელს 13 კონგრესმენი აწერს და ბიძინა ივანიშვილისადმი სანქციების დაწესებას ითხოვს. 

დღის ამბები