29 ნოემბერი 2024,   20:51
ვრცლად
რას ითვალისწინებს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით დაამტკიცა

საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე და მესამე მოსმენა პარლამენტში მომდევნო ორი კვირის განმავლობაში იქნება. უკვე კეთდება განცხადებები, რომ ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, ეს იქნება პირველი შემთხვევა ქვეყნის უახლეს ისტორიაში, როცა არჩევნები ჩატარდება ისეთი სისტემით, რომელზეც პარტიების დიდ ნაწილს შორის კონსენსუსი არსებობს.

მთავარი, რაც იცვლება, ეს არის მაჟორიტარული ოლქების რაოდენობა 120/30-ზე. ანუ ქვეყანა აირჩევს 120 დეპუტატს პროპორციული და 30-ს მაჟორიტარული წესით, 1 პროცენტიანი ბარიერით და 40 პროცენტიანი ჩამკეტით.

პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ
შეძლებს.

კონსტიტუციური კანონპროექტით განსაზღვრულია საარჩევნო ბლოკების საკითხიც. კერძოდ, პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად, პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომელთა მიერ მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული მაჩვენებელი 1 პროცენტისა და საარჩევნო ბლოკში შემავალი პოლიტიკური პარტიების რაოდენობის ნამრავლს მაინც შეადგენს.

რაც შეეხება გაუნაწილებელ მანდატებს, ისინი განაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებზე.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქვეყნის მასშტაბით 30 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი შეიქმნება.

თბილისში მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები შემდეგნაირად დაიყოფა: მთაწმინდისა და კრწანისის რაიონები; ვაკის რაიონი; საბურთალოს რაიონი; ისნის რაიონი; სამგორის რაიონი; დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონები; გლდანის რაიონი; ნაძალადევის რაიონი.

რაც შეეხება რეგიონებს, ოლქების განაწილება შემდეგია: კახეთში - 2 ოლქი. ქვემო ქართლი - 3. შიდა ქართლი - 2 ოლქი. მცხეთა მთიანეთი - 1. სამცხე ჯავახეთი - 2 ოლქი.გურია - 1 ოლქი.სამეგრელო - 3 ოლქი.რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთი 1 ოლქი.იმერეთი - 4.აჭარა - 3 ოლქი.

დღის ამბები