29 ნოემბერი 2024,   20:52
ვრცლად
წლის მთავარი პოლიტიკური ინტრიგა - საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით დამტკიცებულია

ქვეყნის საარჩევნო მომავლის ცვლილებისკენ ნაბიჯი უკვე გადაიდგა. 136 მომხრე - 5 წინააღმდეგი - წლის მთავარი პოლიტიკური ინტრიგაც და პოლიტიკური პროცესი საკანონმდებლო ორგანოში დღეს ამ შედეგით დასრულდა. წინ კიდევ ორი მოსმენაა და ორივეჯერ საჭირო 113 ხმაა.

რიგგარეშე სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გაირკვა, რომ სხდომათა დარბაზში "ნაციონალური მოძრაობის" წევრებისთვის განკუთვნილი სავარძლები კვლავ ცარიელი იქნებოდა. ფრაქციის წევრები პარლამენტში იყვნენ, თუმცა პოლიტიკური დემარში არ შეწყვიტეს და პრინციპულ პოზიციაზე დარჩნენ. თქვეს, რომ რომ 8 მარტის შეთანხმების ყველა ნაწილი არ შესრულდა და მმართველ პარტიას საკონსტიტუციო პროექტის მეორე მოსმენამდე დრო მისცეს.

ბოიკოტი შეწყვიტეს და სხდომათა დარბაზში კენჭისყრის დროს შევიდნენ "ევროპული საქართველოს" წევრები, მოგვიანებით კი თქვეს, რომ პროექტი ჩაგდებას გადაარჩინეს, მმართველ პარტიას კი შანსი მისცეს 8 მარტის შეთანხმება შეასრულოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი 20 ხმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე და მესამე მოსმენაზე აღარ ექნება.

საკონსტიტუციო პროექტს ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" 7 ხმა, "პატრიოტთა ალიანსისა და სოციალ- დემოკრატების" 6, ასევე იმ დეპუტატების მხარდაჭერა აქვს, რომლებმაც მმართველი გუნდის რიგები გასული წლის ნოემბერში პროპორციული სისტემის ჩაგდების შემდეგ დატოვეს. დღეს ისინი ამბობენ, რომ უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ ქვეყანაში მრავალპარტიული დემოკრატიისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. იმედოვნებენ, რომ პარლამენტში დაწყებული პროცესი თვის ბოლოს საარჩევნო სისტემის რეფორმით დასრულდება.

მაშინ როცა საკონსტიტუციო პროექტს კენჭი ეყრებოდა, დარბაზში იყო 5 დეპუტატი, რომლებმაც საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზები საკუთარ ამომრჩევლებს სხდომაზევე განუმარტეს, მოგვიანებით კი თითი წითელ ღილაკს დააჭირეს. საკონსტიტუციო პროექტის წინააღმდეგ ალექსანდრე ერქვანია, ბიძინა გეგიძე, დავით ჭიჭინაძე, კახა ოქრიაშვილი და ემზარ კვიციანი წავიდნენ. ნატო ჩხეიძემ კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. მათი ნაწილი პოლიტიკური ვაჭრობით მიღებულ ცვლილებებზე საუბრობს.

კახა ოქრიაშვილი უმრავლესობის 93 დეპუტატიდან ერთადერთი იყო, ვინც ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა. სახელისუფლებო პარტიაში დილიდან ამტკიცებდნენ, რომ პროექტი გავიდოდა და მათ რიგებში მეამბოხე დეპუტატები ამჯერად აღარ იყვენენ. საკონსტიტუციო პროექტს "ქართული ოცნების" 92 დეპუტატის მხარდაჭერა აქვს. მმართველი პარტიის ლიდერებისგან დღეს ოპონენტების მისამართით კვლავ მწვავე კრიტიკა ისმოდა, თქვეს ისიც, რომ პროექტი "ევროპულის საქართველოს" ხმების გარეშეც არ ჩავარდებოდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო პროექტის პირველი მოსმენით დამტკიცების შემდეგ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო პროექტს მრავალპარტიული მხარდაჭერა აქვს, მმართველი გუნდი კი პროცესი ბოლომდე მიიყვანს.

იმისთვის, რომ ქვეყნის საარჩევნო მომავალი შეიცვალოს, კანონმდებლები მეორედ მომავალ კვირაში, მესამედ კი 27 ივნისს შეიკრიბებიან. პროექტმა ორივე ჯერზე არანაკლებ 113 ხმა უნდა დააგროვოს. 

ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.

დღის ამბები