მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია პანდემიისგან დაზარალებულ ქვეყნებს აფრთხილებს - ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მსოფლიო მასშტაბით ვითარება კვლავ საგანგაშოა და COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.
"პანდემია კვლავ მძვინვარებს, რეგულაციების შემსუბუქების შემდეგ, საზოგადოების ნაწილმა ჩათვალა, რომ ყველაფერი დასრულდა, თუმცა ეს ასე არ არის, COVID-19 კვლავ სწრაფად ვრცელდება... თუკი შეზღუდვებს ძალაში არ დავტოვებთ, პანდემია მსოფლიოს უფრო მკაცრად დაემუქრება," - ამბობს ტედროს გებრეიესუსი.
მხოლოდ ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 150 ათასი ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული. ჯონ ჰოპკინსის ინსტიტუტის მონაცემებით, COVID-19-ით უკვე 9 მილიონი ადამიანია ინფიცირებული, გარდაცვლილთა რაოდენობა კი თითქმის ნახევარ მილიონს აღწევს.
მძიმეა ვითარება საქართველოს მეზობელ ქვეყნებშიც, გასული დღის მონაცემებით, რუსეთში, კოვიდინფიცირების 7,728 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 109 ადამიანი გარდაიცვალა.
სტაბილურად მზარდია ინფიცირების და გარდაცვალების შემთხვევები სომხეთშიც, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის დიაგნოზი 551 ადამიანს დაუდგინეს, 13 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.
თურქეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, დაინფიცირდა 1 248 ადამიანი, გარდაიცვალა 22. უკვე მეორე დღეა, ინფიცირებულთა რაოდენობა მცირდება უკრაინაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში დაფიქსირდა 735 ინფიცირების ფაქტი, ლეტალობის მაჩვენებელი 8-ით გაიზარდა.
მძიმე ეკონომიკური სანქციების გამო რთულ ვითარებაშია საქართველოს აღმოსავლეთით მდებარე ირანის ისლამური რესპუბლიკაც. ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად 116 ადამიანი გარდაიცვალა. როგორც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, COVID-19-ის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მესამე დღეა, ზედიზედ 100-ს აჭარბებს. ურანის გამდიდრების პროგრამის გამო დაწესებულმა სანქციებმა, ირანის ეკონომიკა პანდემიის დროს სრული სტაგნაციისკენ მიმართა, ქვეყნის ხელისუფლებამ მდგომარეობის გამოსასწორებლად დაწესებული შეზღუდვები ნაადრევად მოხსნა, რამაც, შესაძლოა, ქვეყანა ვირუსის გავრცელების მეორე ტალღამდე დროზე ადრე მიიყვანოს.
მას შემდეგ, რაც ევროპაში COVID-19-ით გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა, საზოგადოებამ მმართველი პოლიტიკური ძალები, სუსტი ჯანდაცვის სისტემის გამო მკაცრად გააკრიტიკა. საფრანგეთში დემონსტრანტებმა ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცენტრალური ოფისი წითლად შეღებეს, აქცია-პერფორმანსით აქტივისტებმა მმართველი პოლიტიკური ძალა უსუსური ჯანდაცვის სისტემის გამო გააკრიტიკეს.
მსოფლიოში არსებული მძიმე პანდემიური ვითარების ფონზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ვირუსის წინააღმდეგ 10-მდე პოტენციურ ვაქცინაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს, ორგანიზაციის განცხადებით, სანამ ვაქცინა შეიქმნება, მნიშვნელოვანია, საზოგადოება პანდემიას გაერთიანებული ძალებით დაუპირისპირდეს.
ავტორი - შმაგი ლიპარტელიანი