პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გლობალური ნაკადი, ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლესთან ერთად, "კოვიდ19" -ის პირდაპირი სამიზნე აღმოჩნდა. პანდემიის წნეხი ინვესტიციებზე მთელი წლის განმავლობაში შენარჩუნდება, წელს შესაძლოა, 40%-ით შემცირდეს, ხოლო 2021 წელს კიდევ 5-10% -ით - ასეთია გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის პროგნოზი.
ორგანიზაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსების - პირდაპირი უცხოური ინვესტიციების - მკვეთრ დაცემას ელოდება. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ განსაკუთრებული დარტყმის ქვეშ განვითარებადი ქვეყნები აღმოჩნდებიან.
გლობალურ ბაზრებზე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 40 პროცენტიან შემცირებას პროგნოზირებს საერთაშორისო ფინანსური კორპორაციაც.
ზუსტ პროგნოზებზე ვერ საუბრობენ, თუმცა პანდემიურ მსოფლიოში ინვესტიციების შემცირებას ბუნებრივ პროცესად მიიჩნევენ საქართველოში. ოფიციალური თბილისის, ერთ-ერთი მთავარი მიზანი კერძო ინვესტორების სტიმულირებაა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის პირველ კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 165,4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 118 მილიონ დოლარზე მეტით ჩამორჩება.
გაეროს გათვლებთან შედარებით უფრო პესიმისტური სცენარების განვითარებასაც არ გამორიცხავს ქართველ ექსპერტთა ნაწილი. ვახტანგ ჭარაია, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების შერბილების ერთერთ გზად რეინვესტირებას მიიჩნევს.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, დრამატულ გარღვევას არ ელოდება, თუმცა, ქვეყნის სწორი პოზიციონირების შემთხვევაში პროგნოზების განახევრებას ვარაუდობს "ჯიპას" კანცლერი და ეკონომიკური კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი.
განვითარებადი ქვეყნების გარდა, გაეროს პროგნოზით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორმაგი ვარდნაა მოსალოდნელი ლათინურ ამერიკაში, აზიის განვითარებად ქვეყნებში 30%-დან 45%-მდე, აფრიკაში 25% -დან 40%-მდე და განვითარებულ ქვეყნებში 25% -დან 40%-მდე.
ბრიტანეთმა უკვე ხმამაღლა განაცხადა, რომ განვითარებულ სახელმწიფოებს შორის ზარალის თვალსაზრისით ლიდერი იქნება. ანგარიშის მიხედვით, ინვესტიციების მატება 2022 წლიდანაა მოსალოდნელი.