29 ნოემბერი 2024,   20:36
ვრცლად
ყველაფერი თითქმის შესრულებულია... კმაყოფილი ვარ რომ ელჩებმა განგაშის ზარი ატეხეს - არასაპარლამენტო ოპოზიცია

საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიღებულია. დღის მთავარი პოლიტიკური მოვლენა შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში.

არასაპარლამენტო ოპოზიცია, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში კონსულტაციებში მონაწილეობდა, იმედოვნებს, რომ შეთანხმება სრულად შესრულდება და პარლამენტი ცვლილებებს საბოლოოდ დაამტკიცებს.

"ყველაფერი თითქმის შესრულებულია, თუმცა ერთი პოლიტპატიმარი დარჩენილია. მე კმაყოფილი ვარ რომ ელჩებმა განგაშის ზარი ატეხეს. აყანყალდა ივანიშვილის ხელისუფლება, არ იყო სანდო. "ევროპულმა საქართველომ" მიიღო გონივრული გადაწყვეტილება. მომდევნო კენჭისყრებზე "ნაციონალურ მოძრაობასაც" მოუწევს, მიიღოს უფრო მკაფიო გადაწყვეტილება.

თავად გიორგი რურუაც ძალიან მყარად არის ჩამოყალიბებული იმაში რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მისაღებია და ხელისუფლება თუ იცვლება ქვეყანაში გიორგი რურუაც გამოდის გარეთ," - განაცხადა "რესპუბლიკური პარტიის" ეროვნული კომიტეტის წევრმა დავით ბერძენიშვილმა.

"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ ფასილიტატორ ელჩებს, რომლებმაც ეს პროცესი აქამდე მოიყვანეს. ძალიან დიდი იყო როლი და ყველა სკეპტიკოსისთვის გასაგებია მგონი, თუ რატომ აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ოპოზიციურ ერთობას. მიუხედავად იმისა, რომ წინ ორი მოსმენა გვაქვს, ფაქტია, რომ ახლოვდება ის დღე, როდესაც ქართველი ამომრჩეველი მიიღებს ნორმალურ კანონმდებლობას," - აღნიშნა "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" მთავარი საბჭოს წევრმა ანზორ ბიწაძემ.

"8 მარტის შეთანხმების ნაწილის შესრულებას მნიშვნელოვანია, რომ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა პარლამენტმა, თუმცა კიდევ 2 მოსმენაა დარჩენილი და მათ შორის 8 მარტის შეთანხმების კიდევ ნაწილია შესასრულებელი, რაც გულისხმობს რურუას ციხიდან გამოშვებას. იმდენად დიდი არის ძალისხმევა ჩვენი დასავლელი პარტნიორების, რომ მგონია, ნებისმიერ შემთხვევაში ეს ცვლილებები გავა. არ ველოდები სიურპრიზებს მეორე და მესამე მოსმენის დროს, თუმცა "ოცნების" პირობებში მოსალოდნელი ყველაფერია," - განაცხადა "ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ.

როგორც ცნობილია, მესამე მოსმენა 27 ივნისს გაიმართება.

პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. საკონსტიტუციო ცვლილებებს 136 დეპუტატმა მისცა ხმა, ხოლო  5 წინააღმდეგი იყო.

ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.

დღის ამბები