29 ნოემბერი 2024,   20:31
ვრცლად
"წინ გვაქვს კიდევ ორი მოსმენა, ისევ ძალიან მაღალი კვორუმი სჭირდება" - თამარ ჩუგოშვილის თქმით, ჯერჯერობით "დამშვიდების საფუძველი არ არსებობს"

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრის შედეგები ემოციურად მიიღო. დეპუტატის თქმით, პირველი მოსმენით მიღება დამშვიდების საფუძველს არ იძლევა, რადგან წინ კიდევ ორი მოსმენაა.

"ქვეყანას სჭირდება ეს ცვლილებები ძალიან. ჩვენ უნდა შევცვალოთ ჩვენი ქვეყნის მართვის მანკიერი ფორმები და ეს ცვლილებები ემსახურება სწორედ ამას.

ჯერჯერობით, დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გახარებული ვარ, რომ დღეს პირველი მოსმენით მოხერხდა მიღება და ძალიან ემოციურად მივიღე კენჭისყრის შედეგები, ჩვენ წინ გვაქვს კიდევ ორი მოსმენა, ისევ ძალიან მაღალი კვორუმი სჭირდება და შესაბამისად, დღეს რაც გავიარეთ, ეს გზა ორჯერ გვაქვს კიდევ გასავლელი ორი კვირის განმავლობაში,“ - განაცხადა ჩუგოშვილმა.

ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე მარიამ ჯაში კი მიესალმება "ევროპული საქართველოს" გადაწყვეტილებას, მიუხედავად თავდაპირველი უარისა, მხარი დაეჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის.

"ჩვენი ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატები“ და "პატრიოტთა ალიანსი“ თავიდანვე აჟღერებდნენ მხარდაჭერას და ეს არის ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი,“ - ამბობს მარიამ ჯაში.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის თანახმად, რომელიც პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით მიიღო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.

დღის ამბები