29 ნოემბერი 2024,   21:39
ვრცლად
პოლიტიკურ საჭადრაკო თამაშიდან დროებით გასული 20 ფიგურა "ევროპულმა საქართველომ" ისევ დააბრუნა - ცვლილებების საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრამდე

მთავარი საჭადრაკო პარტიის წინ "ევროპელებმა" პოზიცია შეცვალეს და როგორც თავად ამბობენ, შემოატრიალეს. ხვალ "ევროპული საქართველო" პარლამენტში მივა და მათივე ფრაქციების კუთვნილ 20 მანდატს საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდასაჭერად გამოიყენებს. მთელი იდეა კი ისაა, რომ გიორგი რურუას გასათავისუფლებლად დამატებითი დრო, პოლიტიკური სივრცე და შესაბამისად პერსპექტივა გააჩინონ. თავის დროზე უპირობო მხარდაჭერის მოწინააღმდეგეებისგან პირობები ისევ ისმის, მეორე ჯერზე "ევროპელები" პარლამენტში აღარ მივლენ, თუ "ოცნების" შემხვედრ ნაბიჯებს არ დაინახავენ. ოპოზიციონერებმა დღეს ახსნეს, რატომაა ხვალინდელი დღე მნიშვნელოვანი.

ის, რაც მკაფიოდ ისმოდა "ევროპულ საქართველოში", ბუნდოვანი დარჩა "ნაციონალურ მოძრაობაში". პარტია, ერთი მხრივ, საერთაშორისო პარტნიორებთან თათბირობს იმ გარანტიების მისაღებად, რაც პროექტის მხარდაჭერის შემთხვევაში უკვე სამომავლოდ რურუას გათავისუფლებას უკავშირდება, მეორე მხრივ კი, ცალსახად ამბობს, რომ პოზიციები 8 მარტის შემდგომ არ შეცვლიათ. შესაბამისად, ახლა ყველას "ნაციონალური მოძრაობის" ოფიციალური განცხადება აინტერესებს, რომელიც ხვალინდელ პროცესებში მეტ სიცხადეს შეიტანდა, თუმცა არა გადამწყვეტს.

"ევროპული საქართველოს" დღევანდელი პოზიციონირება მისასალმებელია არასაპარლამენტო ოპოზიციისთვის, ვინც ამ გადაწყვეტილებაში გაერთიანებული ოპოზიციის საერთო ინტერესს ხედავს. ამ პარტიებისთვის მეტ-ნაკლებად პროპორციული საარჩევნო პრინციპი იმის შანსია, რომ პოლიტიკის კეთების მეტი შესაძლებლობა მიეცეთ, სწორედ ამიტომ გადაწყვეტილებას მნიშვნელოვნად აფასებენ, თუმცა პარტიათა ნაწილი რურუას გათავისუფლების მოთხოვნას კვლავ საკვანძოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევს.

მმართველი პარტია დარწმუნებულია, რომ "ევროპულ საქართველოს" არა მხოლოდ პირველ, არამედ მეორე და მესამე მოსმენებზე მისვლა და მხარდაჭერაც მოუწევთ, რადგან "ოცნება" ოპონენტების შეცვლილ პოზიციებს ფასილიტატორი ელჩების გუშინდელ მოწოდებას უკავშირებს, სადაც დიპლომატიურმა კორპუსმა ორივე მხარეს კენჭისყრაში მონაწილეობისკენ მოუწოდა. მიუხედავად დადებითი ჟესტისა, სახელისუფლებო პარტია ოპონენტების ამ ნაწილის გადაწყვეტილებას მაინც სანახევროს უწოდებს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ ოპოზიციის გარეშეც ხმები საკმარისზე, ანუ 113-ზე მეტია, თუმცა გადაზღვევას მიესალმება.

არასამთავრობო სექტორისთვის ოპოზიციის ერთი ნაწილის შეცვლილი მიდგომები მისასალმებელია, რადგან მათი დღევანდელი საერთო პოზიციაც სწორედ ის იყო, რომ შეთანხმების ყველა ხელმომწერი მისულიყო პარლამენტში და ქვეყნის უმნიშვნელოვანესი, მათი შეფასებით თუნდაც არაიდეალური პროექტისთვის მხარი დაეჭირათ. ეს მოწოდება ძალაში რჩება.

მთავარი მომლაპარაკებლების მკაფიო მოწოდების შემდეგ, რომელიც 8 მარტის შეთანხმების ყველა ხელმომწერს მოუწოდებდა ცვლილებების მხარდაჭერისკენ, მოწოდებები ისმის ევროკავშირიდანაც. საგარეო საკითხებში გაერთიანების უმაღლესი წარმომადგენელი და ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი მხარეებს ამ ისტორიული მიღწევის ბოლომდე მიყვანისაკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ევროკავშირი ხვალინდელ პროცესებს ყურადღებით დააკვირდება.

დღის ამბები