29 ნოემბერი 2024,   21:51
ვრცლად
ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი სპიკერის სავარძელში, პროტესტი პარლამენტში და პარლამენტს გარეთ - ერთი წლისთავი 20 ივნისის მოვლენებიდან

ერთი წლის წინ, 20 ივნისს, ქუჩაში პროტესტამდე პროტესტის ხმა პარლამენტის დარბაზში ისმოდა, უფრო ადრე კი იქ კომუნისტი გავრილოვი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მონაწილეებს ტრიბუნიდან რუსულ ენაზე მიესალმა. გულთბილი მასპინძლობისთვის გავრილოვის მადლობის ადრესატები დარბაზში მყოფი ქართველი დეპუტატები იყვნენ.

ამ მიმართვიდან რამდენიმე წუთში შესვენება ცხადდება, გავრილოვის დარბაზიდან დაუყოვნებლივ გაყვანას კი საპარალამენტო ოპოზიცია ითხოვს.

საქართველოს დროშაშემოხვეული ელენე ხოშტარია ოპოზიციის წევრებთან ერთად სხდომათა დარბაზში შედის და იმ ტრიბუნას იკავებს, საიდანაც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს ცოტა ხნის წინ რუსი დეპუტატი მოძღვრავდა. ოპოზიციისთვის ხელის შეშლას სიტყვიერად ჯერ "ქართული ოცნების" წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ცდილობს, შემდეგ კი უკვე ფიზიკურად - ადა მარშანია.

სპიკერის სავარძელს "ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი ამაგრებს, რომელიც რუსეთის დუმის დეპუტატის საქართველოში ყოფნას ჯერ კიდევ 3 დღით ადრე აპროტესტებდა.

გიორგი კანდელაკისთვის 20 ივნისი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მოსახლეობის ისტორიული არჩევანი ურყევია. მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი პროტესტი საქართველოში რუსული გავლენების წინააღმდეგ 20 ივნისამდეც და 20 ივნისის შემდეგაც დიდია. მისთვის დღემდე პასუხგაუცემელია კითხვა, ასე სასტიკად რატომ დასაჯეს ის ადამიანები, რომლებმაც რუსი დეპუტატი მათი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში დაინახეს და ამის გასაპროტესტებლად რუსთაველის გამზირზე მივიდნენ.

ადა მარშანია, რომელიც მაშინ სხდომას მართლმადიდებელი საპარლამენტო ასამბლეის წევრის სტატუსით ესწრებოდა, ამბობს, რომ გავრილოვის სპიკერის სავარძელში დანახვამ ისიც გააკვირვა. თუმცა ოპოზიციისა და ხელისუფლების პროტესტის გულწრფელობაში დღესაც ეჭვი ეპარება და პროცესების პროვოცირებაში ორივე მხარეს ადანაშაულებს.

ორივე მხარის პასუხისმგებლობაზე საუბრობს ერთი წლისთავზე ჯაბა ჯიშკარიანიც, რომელმაც მაშინ თანაგუნდელებთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარის სკამი დარბაზიდან გაიტანა, ყველამ ერთად ასამბლეის დღის წესრიგი დახია. იქვე გაჟღერდა მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნა. "ევროპულმა საქართველომ" კი კობახიძის იმპიჩმენტის დაწყების პროცედურა დააანონსა.

პარლამენტის შენობაში დაწყებული არეულობის პარალელურად, რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა და პოლიტიკოსებმა შეკრება დაიწყეს. პროტესტის შედეგად გავრილოვმა ჯერ რედისონის შენობა, მოგვიანებით კი საქართველო დატოვა. აქცია ამით არ შეწყდა და კობახიძის გადადგომის მოთხოვნით აქტივისტებმა 7 საათზე ფართომასშტაბიანი აქცია დააანონსეს. დაიკეტა პარლამენტის ყველა კარი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფებმა პარლამენტის შიდა ეზოს პერიმეტრზე მობილიზება დაიწყეს.

რომან გოცირიძე ერთ-ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსია, ვინც გავრილოვის ღამეს სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან და მოქალაქეებთან ერთად სხდომათა დარბაზში გამაგრდა. ამბობს, რომ 20 ივნისი ისტორიული მნიშვნელობის დღეა. მიიჩნევს, რომ "ოცნებას" პოლიტიკური ფასი ჯერ არ გადაუხდია და ელოდება, რომ ეს არჩევნებზე მოუწევს.

აქციის დაწყებიდან რამდენიმე წუთში პარლამენტის შენობასთან ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი. სპეციალურად მოწყობილ სცენასთან მოგვიანებით პოლიტიკოსებიც მივიდნენ, პროტესტი რამდენიმე საათის განმავლობაში მშვიდობიანი იყო, თუმცა საღამოს 10 საათიდან ვითარება რადიკალურად შეიცვალა და სამართალდამცავებს აქტივისტების ნაწილი დაუპირისპირდა. დაპირისპირება ადგილზე მყოფ სპეცრაზმსა და აქციის მონაწილეთა გარკვეულ ჯგუფებსა და ოპოზიციონერების ნაწილს შორის თითქმის 2 საათს გაგრძელდა. იყო შენობაში შეღწევის მცდელობაც. ღამის 12 საათიდან აქციის დაშლა დაიწყო.

ძალოვანმა სტრუქტურებმა ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით აქციის დაშლა გაუფრთხილებლად დაიწყეს. ისროდნენ დამიზნებით, რის გამოც აქციის არაერთი მოქალაქე და მედიის წარმომადგენელი მძიმედ დაშავდა. ორმა მოქალაქემ სპეცრაზმის მხრიდან ნასროლი რეზინის ტყვიების შედეგად თვალი დაკარგა, 240-მდე მოქალაქემ, აქედან 40-მა ჟურნალისტმა სხეულის დაზიანება მიიღო. ასევე მძიმედ დაშავდა 80-მდე სამართალდამცველი.

გამთენიისას უკვე ტერიტორიის გასუფთავება ძალოვანი უწყების წამომადგენლებმა წყლის ჭავლით დაიწყეს, რასაც მორიგი დაპირისპირებები მოჰყვა უკვე ქალაქის ქუჩებში.

სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს მისდევდნენ და ტყვიებს დამიზნებით ესროდნენ. გამოყენებული იყო 4 სახის რეზინის ტყვია, მათგან ერთ-ერთი განსაკუთრებით სახიფათო - რაკეტის ფორმის.

პოლიტიკოსები, რომელებიც რუსთაველის გამზირზე მივიდნენ, ამბობენ, რომ ამ თარიღმა პოლიტიკურ ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა და ქვეყანა ისეთი აღარ არის, როგორიც 20 ივნისამდე იყო. გიგი უგულავას შეფასებით, ხელისუფლებამ საკუთარი პასუხისმგებლობა ოპონენტებს გადააბრალა და ამ დღიდან მათ მიმართ პოლიტიკური დევნა დაიწყო.

20 ივნისის ღამეს მოვლენების მძიმედ განვითარებაში ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე დღემდე საუბრობს მმართველი გუნდი, აქციის დაშლის შემდეგ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ფაქტზე ბრალი წარედგინა ნიკა მელიას, მოგვიანებით - ირაკლი ოქრუაშვილს, ასევე პასუხისგებაში მიეცა აქციის 13 მონაწილე, მათ შემდეგ ბრალი აღიარეს და ამის გამო ცამეტივე გათავისუფლებული იქნა.

ზუსტად ერთი წლის შემდეგ, მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც თანამდებობიდან სწორედ გავრილოვის ღამის შემდეგ გადადგა, პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ხშირად ჯანსაღი, აქტიური პროტესტი ძალადობაში იზრდება. ამაზე გააკეთა აქცენტი საკუთარ განცხადებაში ერთი წლის თავზე პოლიტიკურმა გაერთიანებამ "ქართულმა ოცნებამ".

სისხლიანი ღამის შემდეგ ახალგაზრდებმა მიიღეს დაპირება, რომ ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდოდა.

დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც წლის მთავარი პოლიტიკური მოვლენების ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე აღმოჩნდა, ამბობს, რომ არ ნანობს მოსახლეობისთვის გაცემული პირობის არშესრულებაში რომ დიდი წვლილი შეიტანა.

რუსთაველზე განვითარებული მოვლენები მორალური დისკომფორტი აღმოჩნდა დიმიტრი ცქიტიშვილისთვის, და მასთან ერთად კიდევ 11 მმართველი გუნდის დეპუტატისთვის. "ქართული ოცნების" რიგები ყველამ მოგვიანებით მას შემდეგ დატოვა, რაც საზოგადეობისთვის მიცემული პირობა დაირღვა.

გავრილოვის სისხლიანი ღამის შემდეგ ახალგაზრდების პროტესტი თვეობით გაგრძელდა. მათ ვინც მაშინ უახლესი ისტორიის ეს ფურცელი დაწერეს ამბობენ, რომ მათი ანტისაოკუპაციო მანიფესტი დღესაც გრძელდება და მომავალშიც დაიცავენ იმას, რასაც თვალის ჩინივით უფრთხილდებიან.

დღის ამბები