29 ნოემბერი 2024,   21:29
ვრცლად
ადამიანები, რომელთა ცხოვრებაც 2019 წლის 20-მა ივნისმა რადიკალურად შეცვალა - აქციიდან ერთი წლის შემდეგ გამოძიება კიდევ არ დასრულებულა

20 ივნისის აქციის ერთ-ერთი სიმბოლო, გოგონა ყურსასმენებით, დღესაც რუსთაველის გამზირზე იდგა იდენტური გზავნილით, რომ რუსეთი ოკუპანტია. 20 ივნისს მაკო გომურის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. მაკო გომური იხსენებს, რომ თვალში რეზინის ტყვია მაშინ მოხვდა, როდესაც დასთან ერთად დაშავებულ მამაკაცს ეხმარებოდა.

ექიმები 8 საათი ცდილობდნენ გიორგი სულაშვილისათვის თვალის გადარჩენას, თუმცა უშედეგოდ. მან დაზარალებულის სტატუსი 6 თვის შემდეგ მიიღო. ახლა ითხოვს, რომ სახელმწიფომ დანაშაული სხვა პირების მიმართაც აღიაროს და დამნაშავეები დასაჯოს.

დაშავდა, თუმცა დაზარალებულის სტატუსს ამ დრომდე ელის ირაკლი ხვადაგიანი. საბჭოთა წარსულის მკვლევარი, რომელიც 20 ივნისს აქციაზე იყო, იხსენებს, რომ დაკავებისას სცემეს და თვალის არეში ბლაგვი საგნით დაზიანება მიაყენეს. ხვადაგიანი ფიქრობს, რომ ამ სტატუსის არმინიჭებით ხელისუფლება მომხდარისთვის მისთვის სასურველი ინტერპრეტაციის მიცემას ცდილობს.

აქციის ღამეს კლინიკაში გადაღებული ცნობილი ფოტო, რომელზეც ე.წ. რაკეტისებური ტყვიაა ასახული, ექიმებმა ვახტანგ ბერიკაშვილის სხეულიდან ამოიღეს. ის აქციის დაშლას ტელეფონით იღებდა, როდესაც მოულოდნელად მკლავზე სისხლი დაინახა.

20-21 ივნისის ღამეს 275-მა პირმა სხვადასხვა სიმძიმის ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. მათ შორის 80-მდე სამართალდამცველია. მომიტინგეების ნაწილის ინტერესს "საია" იცავს. სამმა დაზარალებულის სტატუსი მიიღო, თუმცა, ორგანიზაციაში ამბობენ, რომ სათანადო სტატუსის არსებობის მიუხედავად, პროკურატურა მათ უსაფუძვლოდ ეუბნება უარს საქმის მასალების სრულად გაცნობაზე.

ეროვნულ დონეზე ყველა არსებული სამართლებრივი საშუალება გამოიყენა და ახლა სტრასბურგის სასამართლოში აგრძელებს დავას სამი ჟურნალისტი. 20 ივნისის აქციის დაშლისას მედიის 40-მდე წარმომადგენელი დაშავდა. არც ერთ მათგანს დაზარალებულის სტატუსი არ აქვს.

20 ივნისის მოვლენების შემდეგ დაზარალებულის სტატუსი 8 მოქალაქემ და 68 პოლიციელმა მიიღო. დამნაშავედ ცნეს 13 მოქალაქე და არც ერთი სამართალდამცველი.

დღის ამბები