29 ნოემბერი 2024,   20:40
ვრცლად
ნაზი ჯანეზაშვილი თამარ ჩუგოშვილისა და ანა დოლიძის წინააღმდეგ - იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის ბრალდებები

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი "ქართული ოცნების" ყოფილ დეპუტატს მისი გაჩუმების მცდელობაში ამხელს. ნაზი ჯანეზაშვილი თამარ ჩუგოშვილთან სატელეფონო საუბრებს იხსენებს და ამბობს, რომ "ოცნების" ვიცე სპიკერი იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრს სთხოვდა სასამართლოში არსებულ პრობლემებზე საუბრისგან თავი შეეკავებინა. ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, ჩუგოშვილი ერთადერთი დეპუტატი იყო მმართველი პარტიიდან, ვისაც მასთან ამ შინაარსის საუბარი ჰქონდა.

ჯანეზაშვილის ბრალდებას ბრალდებებითვე პასუხობს "ქართული ოცნების" ყოფილი ვიცე-სპიკერი. თამარ ჩუგოშვილი ერთ-ერთი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ მას ძალიან იშვიათად ჰქონდა ურთიერთობა ჯანეზაშვილთან და თვითონ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ცდილობდა მასთან აქტიურ კომუნიკაციას.

ჩუგოშვილის გარდა ჯანეზაშვილის კრიტიკის ობიექტად რჩება ანა დოლიძეც. არამოსამართლე წევრი კოლეგას კეთილსინდისიერებას ახსენებს, კანონდარღვევაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ დოლიძე ერთდროულად პოლიტიკურ საქმიანობასაც ეწევა და იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრიცაა, რაც საერთო სასამართლოების შესახებ კანონით იკრძალება.

ახალშექმნილი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი კი საბჭოს წევრობაზე უარის თქმის საფუძველს ვერ ხედავს და ნაზი ჯანეზაშვილს საკითხის სასამართლოს გზით გარკვევას სთავაზობს. წინააღმდეგ შემთხვევაში იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი თვლის, რომ მსგავსი შინაარსის განცხადებები ბინძური კამპანიის ნაწილია და მისი და მისი მოძრაობის დისკრედიტაციას ემსახურება.

საკუთარი კოლეგის გარდა არასამთავრობო სექტორის ნაწილისაც რჩება განცდა, რომ ანა დოლიძე პოლიტიკურ საქმიანობაშია ჩართული და მან იუსტიციის საბჭოს დატოვებაზე გადაწყვეტილება დროულად უნდა მიიღოს.

ანა დოლიძე გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს და ამბობს, რომ იუსტიციის საბჭოს მას შემდეგ დატოვებს, რაც პოლიტიკაში გადანაცვლებაზე საბოლოოდ ჩამოყალიბდება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დოლიძე 4 წლით აირჩიეს და ვადის ამოწურვამდე წელიწადზე მეტი აქვს დარჩენილი.

დღის ამბები