29 ნოემბერი 2024,   20:42
ვრცლად
6 ჯავშანი და 2 ვაკანტური ადგილი - ვის დაასახელებს გაერთიანებული ოპოზიცია დიდუბე-ჩუღურეთისა და საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატებად

ოპოზიცია წინასაარჩევნო ბრძოლას გახსნილად აცხადებს და პროცესში ერთიან კანდიდატებს რთავს. დიდხნიანი კონსულტაციებისა და დისკუსიის შემდეგ თბილისის 8 ოლქიდან 6-ში ოპოზიციური კანდიდატების ვინაობა ცნობილი და შეთანხმებულია. მმართველი გუნდის დასამარცხებლად ოპოზიციის სახელით, ნაძალადევის რაიონში შალვა ნათელაშვილი იბრძოლებს; მთაწმინდაზე - შალვა შავგულიძე; ვაკეში მაჟორიტარობისთვის ხელისუფლების კანდიდატს დაუპირისპირდება ელენე ხოშტარია; სამგორში - ლევან ხაბეიშვილი; გლდანში კანდიდატი იქნება ნიკა მელია; ისანში კი გიორგი ვაშაძე. 

მაჟორიტარობის კანდიდატებთან დაკავშირებით ოპოზიციური სპექტრის გადაწყვეტილება შალვა ნათელაშვილმა, როგორც პოლიტიკური საკონსულტაციო ფორმატის მასპინძელმა, გაახმოვანა. 

თბილისის ორ ოლქში საკუთარ კანდიდატებს რომ წარადგენდა, ამის შესახებ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პარტია ნიკა მელიას და ზაალ უდუმაშვილს წარადგენდა, თუმცა დღეს გაირკვა, რომ ოპოზიციურმა პარტიამ არჩევანი ლევან ხაბეიშვილსა და ნიკა მელიაზე შეაჩერა, როგორც კანდიდატებზე, რომლებიც მათი აზრით, გამარჯვებას პირველივე ტურში მოიპოვებენ.

მაჟორიტარობის კანდიდატებზე მიღწეულ შედეგს ოპოზიციამ უპრეცედენტო ერთობის კვალიფიკაცია უკვე მისცა. ამბობენ, რომ პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, მათ საერთო მიზნის გარშემო გაერთიანება შეძლეს და ეს მათთვის მთავარი მონაპოვარია. ცალკეული პოლიტიკოსები კანდიდატების კამპანიებში აქტიურ ჩართვასაც გეგმავენ. ნინო ბურჯანაძეს თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატი არ ჰყავს. კოორდინირებული თანამშრომლობისთვის მზადაა. დასახელებულ კანდიდატებში პრობლემას ვერ ხედავს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა ზოგიერთი ფიგურა მისთვის მიუღებელი აღმოჩნდეს.

ვაკანტურია ოპოზიციის კვოტით მაჟორიტარობის კანდიდატურები დიდუბე-ჩუღურეთისა და საბურთალოს ოლქებში. საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს. მმართველი გუნდის ოპონენტები პარტიული სახეების პარალელურად საზოგადოებისთვის ცნობილ ფიგურებზეც მსჯელობენ. "კურიერის" ინფორმაციით, ერთ-ერთი ვერსიით, ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურაც განიხილება. ასევე, არ არის გამორიცხული ერთ-ერთ ოლქში ოპოზიციამ კანდიდატი საერთოდ არ დააყენოს, "კურიერმა" გაარკვია, რომ ოლქს ლელოს დაუთმობენ. თუმცა, თავის მხრივ ლელო პოლიტიკური დღის წესრიგს უცვლელს ტოვებს. პოლიტიკური მოძრაობა 30-ვე ოლქში საკუთარი კანდიდატებით იბრძოლებს. 

რა სცენარით გაგრძელდება ოპოზიციის ბრძოლა ღიად დარჩენილ 2 ოლქში და ვინ იქნებიან კანდიდატები - მათ ოპოზიცია სავარაუდოდ, ერთ კვირაში დაასახელებს.

დღის ამბები