29 ნოემბერი 2024,   21:43
ვრცლად
გამოძიებამ უნდა შეაფასოს მაღალჩინოსნების, მათ შორის გიორგი გახარიას მოქმედების კანონიერება - საია 20-21 ივნისის მოვლენებზე

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" წარმოადგინა კვლევის შედეგები, რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებს ეხება. ანგარიშის მიხედვით, სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მხოლოდ სამ თანამშრომელზე. ასევე, ყურადღება გამახვილდა არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე.

ორგანიზაციის თავმჯდომარე სულხან სალაძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა პროკურატურას, რომ დააჩქაროს დაზარალებულებისთვის სამართლებრივი სტატუსის მინიჭების პროცესი.

"სამწუხაროდ, ამ დრომდე არ მომხდარა სრული და ობიექტური გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების. სისტემურად ჩვენ არ გვინახავს რა პროცესი იყო, როდესაც სამართალდამცავი ორგანოების შესაბამისი მოქმედება ვნახეთ. სამწუხაროა, რომ ამ საკითხზე დღემდე არაა პასუხი გაცემული და პროკურატურის ძალისხმევა ჩვენ არ გვინახავს ამ მიმართულებით, რომ მათი ობიექტური სურვილია, რომ დადგინდეს საქმეზე ჭეშმარიტება. შეგვიძლია ვისაუბროთ ასევე 20-21 ივნისის ღამეს მედიის წარმომადგენლების მიმართ გამოჩენილ განსკუთრებულ აგრესიაზე და ეს მიუხედავად იმისა, რომ მათ ჰქონდათ მაიდენტიფიცირებელი ნიშნები და მათი გარჩევა იყო ძალიან მარტივი.

ჩვენ ვიცით, რომ, ოფიციალურად, მხოლოდ 3 პირს წარედგინა ბრალი, თუმცა, ამ დრომდე, რეალური სასჯელი არ არის გამოყენებული. შემაშფოთებელია, რომ ამ დრომდე, პროკურატურა დაზარალებულის სტატუსს არ ანიჭებს ათეულობით პირს, ვინც 20-21 ივნისის ღამეს ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.

პრაქტიკულად, 20-21 ივნისის ღამემ ჩვენ გვაჩვენა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არის ინსტრუმენტი ყველა ხელისუფლების ხელში შეკრების და მანიფესტაციის უფლებაში უხეშად ჩარევის გზაზე.

გამოძიებამ უნდა იმსჯელოს და შეაფასოს არა რიგითი პოლიციელების, სამართალდამცველების მოქმედების კანონიერება, არამედ მაღალჩინოსნების კანონიერება, მათ შორის, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ბატონი გიორგი გახარიას მოქმედების კანონიერება,"-განაცხადა სულხან სალაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის წინ მოქალაქეები შეიკრიბნენ, სადაც ითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომას.

მოქალაქეთა პროტესტი გამოიწვია რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლამ. რუსმა დეპუტატმა, რომელმაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა აქვს აღიარებული,  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესია  რუსულ ენაზე წაიყვანა.

აქციის მიმდინარეობისას მოქალაქეთა ნაწილმა პარლამენტში შეჭრა სცადა, რასაც ხელისუფლების მხრიდან აქციის ძალის გამოყენებით დაშლა მოჰყვა. აქციის დასაშლელად გამოიყენეს რეზინის ტყვიები, ცრემლმდენი აირი და სპეცრაზმი. 

აქციის დაშლისას დაშავდნენ აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები, დააკავეს ათობით მონაწილე. ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც აქციიდან კლინიკებში სხეულის სხვადასხვა დაზიანებით 240 ადამიანი გადაიყვანეს.

დღის ამბები